ტბა-წყალსაცავი მდინარე ივრის წყლითა და წვიმით იკვებება, რომელიც მელიორაციისთვის შეიქმნა, თუმცა ჯერჯერობით ის ამ მიმართულებით არ ფუნქციონირებს. იდეალურია თევზაობისა და უბრალოდ მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. ტბამდე სამანქანო გრუნტის გზა მიდის. ტბის ახლოს დასახლებულ პუნქტებს ან სამრეწველო ობიექტებს ვერ შეხვდები, შესაბამისად, აქ წყალი არ ბინძურდება.
ტბის სანაპიროსთან გაშენებულია მეთევზეთა მეურნეობა „დალის მთა“, რომელსაც სანაპიროზე 20 ვიზიტორზე გათვლილი 3 კოტეჯი აქვს. აქ მოყვარულ მეთევზეებს ანკესითა და ნავით მომსახურებასაც სთავაზობენ. ეს ადგილი რეკომენდებულია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებისთვის ღამის გასათევად.
დალის მთის ტბაში შეხვდები თეთრ ამურს, თეთრ სქელშუბლას, ქერცლიან კობრს, ხრამულს, ჭანარს, ლოქოს, მურწას, მტკვრის წვერასა და კარჩხანას. თუმცა მაის-აგვისტოს ჩათვლით, თევზის გამრავლების პერიოდში აქ თევზჭერა შეჩერებულია.
წყალსაცავთან გავრცელებულია ამფიბიების 3, ქვეწარმავლების 31 და ძუძუმწოვრების 25 სახეობა. მათ შორისაა: ნუტრია, ენოტი, მგელი, ტურა, მელა, გარეული ღორი და კურდღელი.
ამ ადგილებში ფრინველის 132 სახეობაც ბინადრობს - კაკაბი, ხოხობი, რუხი იხვი, გარეული იხვი, მწყერი, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, ქედანი და სხვა.