მცხეთისა და „დიდი მცხეთის“ ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული.
თუ ისტორია გაინტერესებს, აქ გაიგებ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი, მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, როგორი იყო ადგილობრივების ყოფა-ცხოვრება, ისტორია, კულტურა, რელიგიური და სხვა წეს-ჩვეულებები ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა ეპოქაში.
სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი 30 ჰექტარს მოიცავს, სადაც მდებარეობს საქართველოს წინაქრისტიანული და ქრისტიანული ეპოქის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლები: ქართლის მეფეთა რეზიდენცია არმაზციხე (ბაგინეთი, ძვ.წ. III ს.); იბერიის მეფეთა – პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია (სასახლის კომპლექსი, აბანო და მის ქვეშ მოწყობილი გათბობის რთული სისტემა, პიტიახშთა სამარხები (II-III სს.); სამთავროს არქეოლოგიური ველი (ძვ.წ. II ათასწ.-VIII ს.), ბაიათხევი და მავზოლეუმის ტიპის აკლდამა (I ს.).
ამ ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ანტიკური ხანის უნიკალური ნივთები კი მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. ესენია ოქროს ნივთები, მინის ნაკეთობები, ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ეპიგრაფიკული ნიმუშები, იარაღები, ყოველდღიური საგნები და სათამაშოებიც კი, რომლებიც ძვ. წ. IV ათასწლეულიდან X-XII საუკუნეებით თარიღდება.