KA

დიდი სამამულო ომის მუზეუმი

საუკუნოვანი ბრძოლებიდან, რომლებიც საქართველოს გამოუვლია, გორელები ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად მეორე მსოფლიო ომს მოიხსენიებენ. ეს დიდწილად სტალინს უკავშირდება, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, საბჭოთა კავშირის ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც სწორედ ამ ქალაქში დაიბადა.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
გორი

რას ნახავ დიდი სამამულო ომის მუზეუმში?

ნიშანდობლივია, რომ დიდი სამამულო ომის მუზეუმი, რომელიც ამ ომის მიმდინარეობისა და მასში გამარჯვებულების შესახებ მოგითხრობს, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მახლობლად, სტალინის გამზირის #19-ში მდებარეობს. 

ვისაც ომის ისტორიების მეორე მხარე აინტერესებს - ადამიანებიდან, მათი ცხოვრებიდან და განცდებიდან დანახული, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროს. მუზეუმში მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი გორელების ნივთებია გამოფენილი - ფოტოსურათები, მედლები, უნიფორმები, წერილები, საცერემონიო დროშები და სხვა.  

მუზეუმის კედელზე ამ ხანგრძლივი ომის მონაწილე ქართველების გმირობის ამსახველი ბარელიეფია გამოსახული, ეზოში აღმართულ ჯვართან კი წაიკითხავ ყველა გორელის სახელს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ.

დიდი სამამულო ომის მუზეუმის ერთი სექცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება, სადაც რუსული ჭურვებით დაზიანებული გორისა და მისი მოსახლეობის ომისდროინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა