არქივში ინახება IX-XXI საუკუნეების წერილობითი მასალები, კინოფირები, ფოტოები და ფონოდოკუმენტები, რომლებსაც ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ღირებულება აქვს.
მათი ნაწილი საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი. მათ შორის, აქ ნახავ IX საუკუნის სახარებას, XII საუკუნის ანჩის სახარებას, ქართველი მეფეების მიერ გამოცემულ ბრძანებებს, სიგელებს, პირად წერილებს, XIX საუკუნეში გადაღებულ ფოტოებს, პირველ კინონამუშევრებსა და სხვა.
საგამოფენო პავილიონის ანტრესოლზე განთავსებულია მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში უფასოდ ისარგებლებ ქართული და უცხოენოვანი წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებულ პროდუქციას შეიძენ.
ეს სივრცე, სხვადასხვა გამოფენის გარდა, ეთმობა საჯარო ლექციებს, გამოცემების პრეზენტაციებსა და ვორქშოპებს სკოლის მოსწავლეებისთვის.