KA

ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია

საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა, რომლის ტერიტორია ჯერ კიდევ 1.7-1.8 მილიონი წლის წინათ იყო დასახლებული. შესაბამისად, ქვეყანა მდიდარია ისტორიული ძეგლებით და მეტიც - არქეოლოგები მუდმივად აწყდებიან ახალ „მარგალიტებს“. მათ შორის არის მრგვალი ეკლესია, რომელიც 1989 წელს აღმოაჩინეს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
დმანისი

მრგვალი ეკლესიის ისტორია

მრგვალი ეკლესია დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანთან, მდინარე მაშავრის ნაპირზე, ციცაბო კლდის პირას მდებარეობს და მაშავრის ხეობას გადაჰყურებს. ეკლესიიდან კარგად მოჩანს მდინარის მეორე მხარეს მდებარე დმანისის ნაქალაქარი - სწორედ ის ადგილი, სადაც 1.8 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ ჰომო გეორგიკუსები (Homo georgicus), რომლებსაც მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ პირველი ევროპელები უწოდა. 

ვარდისუბნის მრგვალი ეკლესია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნეებშია აგებული და შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში როტონდის ერთადერთი ცნობილი ნიმუშია (როტონდა — მრგვალი ფორმის ნაგებობა, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს).
წრიული ნაგებობა უხეშად დამუშავებული, რუხი ბაზალტის ქვით არის აშენებული. კედლების სისქე 110 სმ-ია, რაც ნაგებობის სიძველეზე მიანიშნებს. ეკლესიის ახლოს სამარხებია გამოვლენილი. 

მრგვალი ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია და თუნდაც ნანგრევების სახით საინტერესო სანახაობა გელის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა