KA

ველოტური - მანგლისი (დაუნჰილი)

მანგლისის ველოტურის ბილიკი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს და ცნობილია, როგორც „მამიდას ქვის ბილიკი“.
რეგიონი
ქვემო ქართლი
სოფელი
მანგლისი

მარშრუტის სპეციფიკა

თბილისიდან მანგლისამდე 36 კმ-ია და გზას მანქანით 1 საათამდე დასჭირდება. ველოსიპედით დაშვება სალოცავის ტერიტორიიდან იწყება, აქამდე ამოსვლა კი მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. ბილიკთან, მაქსიმუმ, 20 წუთში აღმოჩნდები. 

ტრასის სიგრძე 4 კმ-ს შეადგენს, საშუალო სირთულისაა და განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის.

დაშვების ადგილი, ე.წ. „მამიდას ქვა“, გოხნარის სერზე მდებარეობს, რომელიც დიდი ლოდისგან გამოკვეთილი ქვაჯვარია და IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ჯვრის ცენტრში რელიეფური, კონცენტრული წრეებია გამოსახული. ის ამჟამად მიწაზეა დაწვენილი. ადგილობრივი მოსახლეობა ძირს დასვენებულ ქვის ჯვარს ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა. აქ საბჭოთა პერიოდშიც კი ტარდებოდა ამინდის გამოთხოვნის რიტუალი საგანგებოდ მოწვეული მღვდლის მონაწილეობით.

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე უნდა შეამოწმო, ადგილზეა თუ არა აუცილებელი აღჭურვილობა - სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.

ველოტურისთვის შესაფერისია წელიწადის ყველა სეზონი, უთოვლო ზამთრის ჩათვლით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა