ტური იწყება ბორჯომიდან, სადაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში. აქ აღებული სარეგისტრაციო დოკუმენტის ჩვენება აუცილებელია პარკის ტერიტორიაზე შემხვედრი რეინჯერისთვის. რეგისტრაცია უფასოა.
ამ პროცედურის გავლის შემდეგ ლიკანის ხეობის მიმართულებით სასურველია, მანქანით წახვიდე. ბოლომდე გაუყვები გრუნტიან გზა, მანამ, სანამ მინდორზე მანიშნებელი არ გამოჩნდება, სადაც მანქანის გაჩერებაა შესაძლებელი და ბილიკი იწყება.
ბილიკის სიგრძე 11 კმ-ია. ულამაზესი ტყე, ტექნიკური მოსახვევები და სწრაფი სეგმენტები მას მრავალფეროვანს ხდის და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მასივები გამორჩეულად ლამაზია შემოდგომით. შესაძლებელია, თვალი ნადირსაც მოჰკრა, თუმცა - შორიდან, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს. ბილიკის ერთ-ერთ მონაკვეთზე საინტერესოდ გამოიყურება ლამის მიწას შეზრდილი უძველესი ტრაქტორის ჩონჩხიც.
ველოტურის ბოლო წერტილია ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი (ქოხი). ეს კარგი ადგილია დასვენებისა და წახემსებისთვის. აქედან ბორჯომში იგივე გზით დაბრუნდები.
აუცილებელია, მარშრუტზე სრული აღჭურვილობით, აფთიაქით, წყლითა და სათადარიგო ნაწილებით წახვიდე.
ნიკოლოზ რომანოვის ბილიკის ველოტურისთვის საუკეთესო პერიოდია მაისის პირველი ნახევრიდან უთოვლო ზამთრის ჩათვლით.