KA

ველოტური - სტეფანწმინდა-გერგეტი-ალტიჰატი-თოთი-სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა - გერგეტი - ალტიჰატი - თოთი-სტეფანწმინდის ველოტური რთულია, შესაბამისად, მასზე დადგომა მხოლოდ გამოცდილი ველომოყვარულებისთვისაა დასაშვები, სერტიფიცირებულ გიდთან ერთად. ველოტურის ასაკრეფი ვერტიკალი 1600 მეტრს შეადგენს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

ველოტურის სპეციფიკა

ტური სტეფანწმინდიდან იწყება. გერგეტის პარკინგამდე მანქანით უნდა ახვიდე, იქიდან კი საცალფეხო ბილიკზე უკვე ველოსიპედით შეხვალ. ეს ბილიკი ძალიან პოპულარულია ველომოყვარულებს შორის, რადგან იქიდან ყაზბეგის ულამაზესი ხედები იშლება.  

ბილიკის სიგრძე 22 კმ-ია. მარშრუტი ძირითადად მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვება ალტიჰატამდე. განსაკუთრებული სანახაობაა მყინვარწვერი, თავისი ამაყი და შეუვალი სილამაზით. 

მყინვარწვერი ზამთარ-ზაფხულ თოვლით არის დაფარული, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია. მწვერვალის პირველ სააკლიმატიზაციო ბანაკთან შვეიცარიული ხარისხის, ევროპული სტანდარტის სამთო ქოხი მდებარეობს. 

ბილიკი ალტიჰატიდან მარცხნივ, სოფელ თოთისკენ უხვევს და დაშვებას იწყებს.  

რა უნდა გაითვალისწინო

ტურისთვის აუცილებელია ენდუროს ტიპის ველოსიპედის გამოყენება. 

ასევე აუცილებელია, თან გქონდეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, აფთიაქი და სათადარიგო ნაწილები. 

სტეფანწმინდა - გერგეტი - ალტიჰატი - თოთი - სტეფანწმინდის ველოტურისთვის მისაღებია ყველა სეზონი, უთოვლო ზამთრის ჩათვლით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა