ტური სტეფანწმინდიდან იწყება და გერგეტის სამებამდე მიემართება. ზემოთ ასვლა უმჯობესია სამანქანო გზით, რათა დაშვებისთვის ძალები დაზოგო.
ტური ძალიან საინტერესოა, გარდა იმისა, რომ მოინახულებ გერგეტის სამებას, წინ დაბრკოლებებით სავსე ბილიკი გელის, მსგავსი ბილიკი საქართველოში ცოტა მოიძებნება. მისი სიგრძე 7,5 კმ-ია. გზა ვიწროა, კლდოვანი და იქიდან ყაზბეგის ულამაზესი ხედები იშლება.
განსაკუთრებით ლამაზია მყინვარწვერი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ თოვლით არის დაფარული, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია. რაც შეეხება გერგეტის სამებას, ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კმ-ში მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.
მარშრუტისთვის უნდა მოამზადო შესაბამისი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, აფთიაქი და სასმელი წყალი.
სტეფანწმინდა - გერგეტი - სტეფანწმინდის ველოტურის დაგეგმვა შესაძლებელია ყველა სეზონზე, მათ შორის - უთოვლო ზამთარში.