KA
2024-12-15T00:17:39.000000Z
“ვეფხისტყაოსანი”

“ვეფხისტყაოსანი”

„ვეფხისტყაოსნის“ სიდიადესა და მის ადგილზე მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში დღესაც ბევრს საუბრობენ.
სარჩევი

ლეგენდად დარჩენილი ვინმე მესხი მელექსის პოემა მკითხველში ახლაც გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ დღეს ეს უკვდავი პოემა 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მათ შორის, ცნობილია მარჯორი უორდროპის, მარი ბროსეს, არტურ ლაისტის, გასტონ ბუაჩიძისა და სხვა გამოჩენილ უცხოელ მეცნიერთა თარგმანები. ბოლო დროს „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ და ბერძნულ ენებზეც ითარგმნა.

ეპოქა და პირველი ხელნაწერები 

„ვეფხისტყაოსანი“ თამარის მეფობის წლებში დაიწერა, თუმცა დღემდე მოღწეულ მის ხელნაწერ ნიმუშებს შორის უძველესი ხელნაწერი 1646 წლით არის დათარიღებული. ცნობილია ისიც, რომ საქართველოდან ხელნაწერები გაჰქონდათ ქართველ ემიგრანტებს, მისიონერებსა თუ დიპლომატიურ მოღვაწეებს და ბევრი მათგანის ბედი დღემდე გაურკვეველია. „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევართა აზრით, შედარებით ძველი ხელნაწერები XIII-XIV საუკუნეებში განადგურდა, როდესაც ქვეყანას ჯალალედინის, ხვარაზმელთა, მონღოლთა, სპარსელთა და სხვა დამპყრობთა ურდოები ანადგურებდნენ. „ვეფხისტყაოსნის“ უძველეს ხელნაწერებთან ერთად, პოემის ავტოგრაფული ნუსხაც დაიკარგა. 

ვინ იყო შოთა რუსთაველი?

შოთა რუსთაველის ძეგლი

ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, პოემის ავტორის წარმომავლობის, მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ მოღვაწეობის შესახებ ცნობები ძალზე მწირია. ერთ-ერთი ვერსიით, შოთა რუსთაველი იყო სამეფო კარის დიდი მოხელე, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი, რომელიც სასახლის კარზე კულტურის საკითხებს განაგებდა. არსებობს მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი სიცოცხლის მიწურულს იერუსალიმში გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ამ მოსაზრებას ამყარებს ფრესკა მისი გამოსახულებით, რომელიც იერუსალიმშია. 

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა პირველად ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ ტიმოთე გაბაშვილმა აღმოაჩინა, რომელმაც 1754-1756 წლებში ახლო აღმოსავლეთის ქართული მონასტრები მოინახულა. 1845 წელს რუსთაველის პორტრეტული გამოსახულება ფანქრით გადმოუღია ქართველ მეცნიერს ნიკოლოზ ჩუბინიშვილს, თუმცა 1899 წელს იერუსალიმში ჩასულ ნიკო მარს ფრესკა აღარ დახვედრია. 1960 წლამდე პოეტის უნიკალური გამოსახულება დაკარგულად მიიჩნეოდა. ამავე წელს ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ, ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით, ფრესკას ხელახლა მიაკვლია. მეცნიერები პოეტის დაბადების სავარაუდო თარიღად 1160-1165 წლებს მიიჩნევენ, თამარისა და დავით სოსლანის მეფობის პერიოდს.

ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“

ჩვენი წინაპრები „ვეფხისტყაოსანს“ საუკუნეების განმავლობაში ხელით წერდნენ. ჩვენამდე მისმა 160-მა ხელნაწერმა მოაღწია. ცნობილ გადამწერთა შორის არიან: მამუკა თავქარაშვილი, იოსებ სააკაძე-თბილელი, სულხან-საბა ორბელიანი, იოანე ლარაძე, პეტრე ლარაძე, პეტრე ქებაძე, გიორგი თუმანიშვილი, დავით რექტორი, მანანა ზედგენიძე, ნინო ზედგენიძე, ანა თუმანიშვილი-ამილახვარი და სხვები.

პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ 

1712 წელს ვახტანგ VI-ის დაარსებულ სტამბაში პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“. ცნობილია ისიც, რომ ვახტანგ VI პოემის ტექსტის დადგენისას მხოლოდ შერჩეულ ხელნაწერებს ემყარებოდა და გამოცემას საფუძვლად დაუდო ცნობილი მწერლის, იოსებ სააკაძე-თბილელის მიერ XVII საუკუნის სარდალ-სახლთუხუცეს ზაზა ციციშვილის შეკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“.

„ვეფხისტყაოსნის“ მხატვრობა

ქართველი ხალხისთვის ამ მეტად ძვირფასი პოემის გაფორმებას ყველა დროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. პოემის უძველესი ხელნაწერისა და ილუსტრაციების ავტორად მამუკა თავქარაშვილია ცნობილი. აგრეთვე, ცნობილია უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“. მხატვარი 1881 წელს ჩამოვიდა თბილისში და ქართველი ინტელიგენციის თხოვნით ილუსტრაციებზე მუშაობა დაიწყო. 

1937 წელს პოემის საიუბილეო გამოცემისათვის ილუსტრაციები შექმნა სერგო ქობულაძემ. ასევე საიუბილეო გამოცემას მიუძღვნა თავისი ილუსტრაციები ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა 1963 წელს. „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმებაზე სხვა მხატვრებიც მუშაობდნენ, მათ შორის იყვნენ: თამარ აბაკელია, ირაკლი თოიძე ლევან ცუცქირიძე და სხვები. ერთ-ერთი ბოლო ილუსტრაციები კი, რომლებიც გასტონ ბუაჩიძის მიერ ფრანგულად ნათარგმნ „ვეფხისტყაოსანს“ ამშვენებს, რუსუდან ფეტვიაშვილს ეკუთვნის.

„ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდური გამოცემები და ხელნაწერები ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი საქართველოს გარეთ, სხვადასხვა კერძო კოლექციასა და ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. მაგალითად, XVII და XVIII საუკუნეების უნიკალური ხელნაწერები ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაშია, ხოლო ორი - 1702 წელს და 1811 წელს გადაწერილი ვერსია - პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

„ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობა

მეცნიერთა აზრით, პოემა ბევრი რამით არის უნიკალური. გარდა იმისა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს (ინდოეთი, არაბეთი), ნაწარმოებში ასევე ფიგურირებს გამოგონილი მისტიკური ტერიტორიები. პოემაში ფანტასტიკის მრავალი ელემენტია გამოყენებული, არის უტოპია და ანტიუტოპია. პოემის ავტორი რომ დიდ ცოდნას ფლობს, ეს ნაწარმოებიდან ნათლად ჩანს.  

რუსთველოლოგიის ძველი თუ თანამედროვე მკვლევრები ერთხმად აღიარებენ იმასაც, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არა მხოლოდ თავისი იდეურ-მსოფლმხედველობითი პრობლემატიკით ეხმიანება და შეესიტყვება შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ევროპულ აზროვნებას, არამედ უშუალოდ და ორგანულადაა დაკავშირებული ევროპულ ლიტერატურულ სამყაროსთან. აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის კვლევა სწორედ ამ საკითხს ეხება. მეცნიერის აზრით, სწორედ „რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“ შექსპირის პიესის - „ციმბელინის“ ლიტერატურული წყარო“. ვარაუდი, რომ შესაძლოა, შექსპირი იცნობდა „ვეფხისტყაოსანს“, რეალურია, თუმცა მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო ღრმა და დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს.

ოქროს კვეთა 

პოემაში „ღვთაებრივი პროპორცია“, იგივე „ოქროს კვეთა“, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა აღმოაჩინა. მეცნიერის აზრით, მსოფლიო პოეზიაში რუსთაველი პირველია და შესაძლოა, ერთადერთიც, ვინც ოქროს კვეთის პრინციპზე ააგო დიდი პოეტური ნაწარმოები. პოემის 1662 სტროფიდან 863 ოქროს კვეთის პრინციპზეა აგებული. ფორმულა ასეთია: ოქროს კვეთა არის მთელის ისეთი გაყოფა ორ, ერთმანეთის არატოლ ნაწილად, როდესაც დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი - დიდს. „ვეფხისტყაოსანში“ ოქროს კვეთის, ანუ ღვთაებრივი პროპორციის, გამოვლენა ახლებურად სვამს საკითხს რუსთაველის ლექსის მეტრიკული სტრუქტურის შესახებ, ხოლო მის ავტორს განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს მსოფლიო პოეზიის ისტორიაში“, - ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს გიორგი წერეთელი.

„ვეფხისტყაოსანზე“ ამბობენ

„ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. მასზე აღფრთოვანებით წერენ ძველი თუ თანამედროვე მწერლები და მეცნიერები. ვაჟა-ფშაველა ამბობდა, „რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო - იგივე „ვეფხისტყაოსანი“; ილია ჭავჭავაძის აზრით, „ქართველმა ერმა „ვეფხისტყაოსანს“ შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თავისნი უკეთესნი ფიქრნი, ზრახვანი, გრძნობანი“; კონსტანტინე ბალმონტის სიტყვებით კი, „როგორც ჰომეროსია ელადა, დანტე - იტალია, შექსპირი - ინგლისი, კალდერონი და სერვანტესი - ესპანეთი, ასევე რუსთაველი საქართველოა, რუსთაველი განასახიერებს ქართველი ერის კეთილ სულს“.

ქართველი მწერალი თამაზ ჭილაძე წერდა: „ვეფხისტყაოსანი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წიგნია, ასეთ ხანგრძლივ სიცოცხლეს კი უკვდავება ჰქვია. დღითი დღე უამრავ მკითხველს იზიდავს და ხიბლავს თავისი ერთადერთობით. მისი პოემის აქტიური ზემოქმედების უნარი შეიძლება, შევადაროთ რომელიმე რელიგიას ანდა პოლიტიკურ მოძღვრებას. ამ წიგნის მიხედვით, უცხოელს შეუძლია ქართველებზე თითქმის სრული წარმოდგენა იქონიოს. შოთა რუსთაველი დღეს მარტო სახელი და გვარი არ არის, აღმატებულობას, უზენაესობას, თითქმის ღვთაებრიობას აღნიშნავს. მეტიც - შოთა რუსთაველი ქართველი ხალხის აღმნიშვნელი ცნებაა“. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა