KA
Zakaria Paliashvili House Museum

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი (ქუთაისი)

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ზაქარია ფალიაშვილი, რომლის სახელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ატარებს, 1871 წელს ქუთაისში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. აქ, ვარლამიშვილის ქუჩის #25-ში, დღეს მისი სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

რას ნახავ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში?

სახელოვანი თანაქალაქელის სახლის მუზეუმად ქცევის იდეას ქუთაისელები ენთუზიაზმით შეხვდნენ. ზაქარიასთან ასოცირებული ნივთები უშურველად და უსასყიდლოდ მიჰქონდათ „ფრანგების“, იმავე კათოლიკეების, უბანში მდებარე სახლში. სახლ-მუზეუმი 1963 წელს გაიხსნა და დღეს აქ 70-მდე ექსპონატს ნახავ, მათ შორის: 

ზაქარიას აკვანს, ოქრომკერდით ნაქსოვ ქულაჯას, რომელსაც ყმაწვილს წირვაზე აცმევდნენ; დოკუმენტურ მასალას მისი ნათლობის შესახებ; წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლებს მისი ფაქსიმილეთი;

საკრავებს, რომლებიც კომპოზიტორის მეზობლებს ეკუთვნოდათ და მათზე ყმაწვილი ზაქარია უკრავდა (თურმე განსაკუთრებით მოსწონდა გერმანული და ფრანგული მექანიკური საკრავები და მათ მოსასმენად დღეში რამდენჯერმე სტუმრობდა მეზობლებს); 

ზაქარიას ფიზჰარმონიასა და ბეკერის ფირმის როიალს, რომელზედაც საკუთარი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს უკრავდა; ამონარიდს „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტოდან ავტორის შენიშვნებით. 

საკრავების ხმა ზაქარია ფალიაშვილის სახლიდან ახლაც ისმის საღამოობით, როდესაც მუზეუმი მუსიკის მოყვარულებისთვის კონცერტებს მართავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა