KA
Upper Krikhi Church of Archangel

ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესია

ასწლოვანი ცაცხვებისა და უთხოვრის გოლიათი ხეების გარემოცვაში თლილი ქვისგან ნაგები ულამაზესი ტაძარი - მთავარანგელოზთა ეკლესია - რაჭის პატარა სოფელ ზემო კრიხში მდებარეობს. დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელიც საქართველოს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსს ატარებს, X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. 
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კარის თავი და კარიბჭის კარის თავი. სამწირველოს სარკმელი ჩუქურთმიანი ქვებით არის შემკული, კარიბჭის თაღი კი დამუშავებული ქვებისაგან აუწყვიათ. ჩუქურთმიანი ქვები, სვეტის თავების სახით, ეკლესიის შიგნითაც გვხვდება. 

შიგნით ნახავ XI საუკუნის ისტორიული ფიგურების ფრესკებს, კანკელთან კი, საკურთხევლის ჩრდილო-დასავლეთი კედლის ძირში - ქვის უნიკალურ ნამუშევარს, დათვისა და ორი ბელის ბარელიეფს. ისინი თურმე ამ მიდამოებში ცხოვრობდნენ.  

ზემო კრიხის ეკლესია განთქმული იყო თავისი საგანძურით, ვერცხლზე ნაჭედი ძვირფასთვლიანი ხატებით, რომლებსაც სამკაულიან ხატებს უწოდებენ. მათ შორის გამორჩეული იყო ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ოქროთი იყო დაფერილი და ძვირფასი თვლებითა და მინანქრით დამშვენებული. 

ტაძარი, რომლის კედლებზე შესრულებული წარწერები ამ ძეგლის შესახებ ბევრ ამბავს ინახავს, 1884 წელს განუახლებიათ და დასავლეთის მხარეს ახალი სივრცე მიუდგამთ. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა