სოფელი ზესხო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ზესხოს ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. სოფელი დასახლებულია, თუმცა ზამთარში აქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება.
ზესხომდე დაბა ლენტეხიდან ჩადიხარ - სამანქანო გზა 62 კილომეტრია. ლაშქრობა ზესხოს ალპინისტების ბანაკიდან იწყება. ლაფურიის უღელტეხილს (2526 მ) გადაივლი და ლაფურის საბანაკეზე ჩახვალ, სადაც მდინარეები - ცხენისწყალი და ლაფურისწყალი ერთმანეთს უერთდება.
პირველ დღეს გასავლელი მანძილია 10 კმ, დრო - 5 საათი.
გამთენიისას ლაფურის საბანაკიდან გეზი აიღე ვაციწვერის უღელტეხილისკენ (2900 მ) - აქედან ულამაზესი სანახაობა გელოდება რაჭის მყინვარებზე. შემდეგ სასვანო ტბებისკენ დაეშვები. ტბები ზღვის დონიდან 2680 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთისგან 400 მეტრით არის დაშორებული. მიმდებარედ კარგი საკარვე ადგილებია.
მეორე დღეს გასავლელი მანძილია 12 კმ, დრო - 6-8 საათი.
სასვანო ტბებიდან სოფელ ღებში ჩახვალ. ღები ზღვის დონიდან 1350 მეტრზე მდებარეობს. გზად შეგხვდება სოფელი ბრილი, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ და აქ მხოლოდ მწყემსების საცხოვრისებსა და საძოვრებს ნახავ. აქ ღამის გათენება კარვებში შეგიძლია. თუ ბრილში არ დარჩები, მაშინ ღებში ჩახვალ, სადაც საოჯახო სასტუმროებია გახსნილი.
მესამე დღეს გასავლელი მანძილია 21 კმ, დრო - 7-9 საათი.