KA

ზიპლაინი კუს ტბაზე

თბილისი როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსა და მოგზაურებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. ქალაქში, მრავალფეროვანი არქიტექტურისა და საუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, უმშვენიერესი ბუნებით ტკბობაც შეგიძლია, რაშიც ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი დაგეხმარება.
რეგიონი
თბილისი

როგორია კუს ტბის ზიპლაინი?

კუს ტბაზე არსებული ზიპლაინის სიგრძე 1200 მეტრია, ხოლო დაქანება - 236 მეტრი, რომლის სტარტიც კუს ტბაზე მდებარეობს, ხოლო ფინიშის ხაზი ვაკის პარკია.

აღსანიშნავია, რომ კუს ტბა ბუნებრივი წყალსაცავია, რომელიც თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების საყვარელი ადგილია. აქ ყველა სეზონზე სასიამოვნო გარემო დაგხვდება, ზაფხულში კი საგანგებოდ შემოსაზღვრულ პლაჟის ტერიტორიაზე ბანაობასაც შეძლებ და კეთილმოწყობილ სანაპიროზე მთელი დღე დაისვენებ. 

რაც შეეხება ვაკის პარკს, აქ შადრევნების მთელი კასკადი, გამწვანება, კაფეები, ველობილიკები, ატრაქციონები და უამრავი სხვა სახის სანახაობაა. 

რა უნდა იცოდე, სანამ ზიპლაინის გამოყენებას გადაწყვეტ

კუს ტბაზე საბაგირო გზით შეძლებ ასვლას, იქიდან კი 1200-მეტრიანი ზიპლაინით ჩამოსრიალდები. დაშვების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, რაც საშუალებას გაძლევს, თბილისის ხედებით დატკბე. აქ უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული; ზიპლაინის სტარტისა და ფინიშის კოშკები სეისმგამძლეა, ხოლო თოკი 17 ტონის სიმძიმეს უძლებს. ზიპლაინი აღჭურვილია მუხრუჭის ამერიკული სისტემით, რომელიც იმის გარანტია, რომ უსაფრთხოდ და რბილად დაეშვები. კუს ტბის ზიპლაინის ორი პარალელური ხაზი კი საშუალებას იძლევა, ორი ადამიანი ერთდროულად ჩამოსრიალდეს. ზიპლაინზე დასაშვები წონის მინიმუმი 30 კილოგრამია, მაქსიმუმი 125. 

გაითვალისწინე რომ ზიპლაინით უამინდობისას - წვიმისა და ქარის დროს ვერ ისარგებლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა