„თბილისური სახლის“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი ბეთლემის ქ. N3-ში, რომელიც ორი ქუჩის - ბეთლემისა და ასკანის ქუჩების შესაყართან მდებარეობს.
სარდაფების მქონე ორსართულიანი შენობა გამოირჩევა ნატიფი, მწვანე ფერის ხის მოხარატებული აივნითა და მუშარაბით (არაბ. მაშრიბია, ანუ ფერადმინებიანი ფანჯარა), რითაც როგორც აივნის ნაწილი, ისე მეორე სართულზე ამავალი, შეფიცრული კიბე მხატვრულად არის გაფორმებული.
„თბილისური სახლი“, კლასიციზმის მხატვრულ-არქიტექტურული დეტალების გარდა, ხშირად იყენებდა აღმოსავლური დეკორის ელემენტებს, მაგრამ ყოველივეს ისე ატარებდა საკუთარ შემოქმედებით ყალიბში, რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერი „თავისებური“ გამოსდიოდა. სწორედ ამიტომ მუსლიმანური მუშარაბი თბილისის სახლებში სავსებით სხვანაირია - მინის ფრაგმენტები აქ დიდი ზომისაა, ხოლო ჩარჩოების ფორმა და კომპოზიცია - ბევრად თავისუფალი და დინამიკური. ამ ყველაფრის საუკეთესო დადასტურება კი სწორედ ამ სახლის კიბე და აივანია.
შენობა კვლავ საცხოვრებელი სახლია და იქ ახლა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მეორე სართულზე კი „არტ გალერეა 27-ია“ განთავსებული.