KA

გალაკტიონის ქ. N22, თბილისი

XIX საუკუნის ბოლოს თბილისის არქიტექტურაში თავი იჩინა ეროვნული მოტივების სტილიზაციამ, რომელიც ხუროთმოძღვრული განვითარების ეტაპად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, თუმცა რუსეთის იმპერიისგან დაპყრობილ ქვეყანაში საკუთარ „არქიტექტურულ ფესვებთან“ მიბრუნება, როგორც ქართველი მეცნიერი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავდა, „იყო ერთი ხმამაღლა თქმული სიტყვა... თქმული საქართველოს დედაქალაქში, სადაც ქართველები უკვე დიდი ხანია ვეღარ გრძნობენ თავს ბატონ-პატრონად“.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

ე. წ. „ქართული სტილის“ ერთ-ერთი ადრეული ნიმუში - სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი სოლოლაკში, გალაკტიონის ქ. N22-ში, არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის (1833-1897) პროექტით აშენდა.

შენობის არქიტექტურა

შენობის საფასადო დეკორი შუა საუკუნეების ქართულ მოტივებს იმეორებს, თუმცა ზოგიერთი ადგილი ახლებურადაა გადამუშავებული. ჩუქურთმების კომპოზიცია და ფასადის თავზე მაღალი, დეკორირებული კარნიზი ოსტატურადაა შესრულებული და არქიტექტორის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ძირითადად ეკლექტიკითა და რამდენიმე მოდერნის სტილის საცხოვრებელი სახლით განაშენიანებულ ამ ისტორიულ ქუჩაზე ქართული დეკორით უხვად შემკული ეს შენობა მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენთვის „მშობლიური“, ხოლო სტუმრებისთვის „უცხო“ იერით.   

შენობა დღეს

შენობა კვლავ თავდაპირველ ფუნქციას ინარჩუნებს და ის რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა