KA
Tbilisi Davit Aghmashnebli Ave 135

დავით აღმაშენებლის გამზირი N135, თბილისი

კინოს ისტორია 1895 წელს იწყება, როცა ძმებმა ლუმიერებმა  პირველი სტაციონარული კინოჩვენება მოაწყვეს პარიზში. ერთ წელში მათი ფილმების პრემიერა თბილისშიც გაიმართა. 1912 წელს კი, როცა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გამოვიდა (რეჟ. ვასილ ამაშუკელი), საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე არსებობდა როგორც კინოს გასაშვები სივრცეები, ისე სპეციალურად ამისთვის აშენებული ნაგებობებიც. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია

საქართველოს კინოთეატრებიდან  ყველაზე ავთენტიკური სახით ყოფილი „ელექტროთეატრი აპოლო“ შემოგვრჩა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1909 წელს. კომუნისტებმა მას სახელი შეუცვალეს და  „ოქტომბერი“ უწოდეს. 1990-იან წლებში შენობა გაიყიდა. 2010-იან წლებში შენობის ექსტერიერის სარესტავრაციო სამუშაოები სახელმწიფომ განახორციელა და ფასადზე კვლავ აღდგა კომუნისტების მიერ წაშლილი წარწერა „აპოლო“. 

შენობის არქიტექტურა

„აპოლო“ დავით აღმაშენებლის გამზირისა (N135) და ია კარგარეთელის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ის საქართველოში მოდერნის სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და გამოირჩევა როგორც თავისი შთამბეჭდავი ფასადებით, ისე სპეციალურად კინოთეატრისთვის დაგეგმარებული და მხატვრულად შესანიშნავად გაფორმებული ინტერიერით. 

რადგან მოდერნი და კინოხელოვნება თითქმის ერთდროულად ჩაისახა და გავრცელდა ევროპაში, ამ სტილის კინოთეატრები ორმაგად ღირებულია თავისი მნიშვნელობით. მსგავსი ნიმუში სულ რამდენიმე შემორჩა მსოფლიოს და მართლაც საამაყოა, რომ მათ შორის არის  თბილისური „აპოლოც“. 

შენობა დღეს

„აპოლოს“ მფლობელებმა რამდენიმე წლის წინათ საზოგადოებას შენობის ინტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვითაც, გასართობი და სარესტორნო დანიშნულების გარდა, ის კომერციული კინოთეატრის ფუნქციასაც შეითავსებს. პროექტი განხორციელების სტადიაზეა.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა