KA
Orbeliantubani in Tbilisi

ორბელიანთუბანი, თბილისი

თბილისსა და მის შემოგარენში ქართულ სამეფო ოჯახებსა და არისტოკრატიას ყოველთვის ვრცელი სამოსახლო ადგილები ეკავა. რამდენიმე მათგანის ისტორიული სახელი დღემდე ამ უბნის ცოცხალ ტოპონიმად დარჩა. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება ორბელიანების უბანი - ტერიტორია, სადაც უწინ ორბელიანების სასახლე და ეკლესია იდგა და გალავნით იყო შემოსაზღვრული.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ადგილმდებარეობა

ორბელიანთუბანი მოქცეულია დღევანდელ „9 აპრილისა“ და „გიორგი ლეონიძის“ ბაღებსა და მდინარე მტკვრამდე არსებულ არეალში. მისი განაშენიანება გიორგი ათონელის ქუჩიდან მტკვრის ქუჩამდეა გაშლილი. 

უბნის ისტორია

ორბელიანები ფეოდალური საგვარეულოს ცნობილი და სახელოვანი წარმომადგენლები იყვნენ. მას შემდეგ, რაც 1751 წელს მეფე თეიმურაზ II-მ სარდალ რევაზ ორბელიანს სამეფო კარის ერთგულებისა და თავდადებული მსახურებისთვის სამეფო მამულები უბოძა, ამ ადგილს ორბელიანთუბანი ეწოდა.

რას ნახავ აქ?

მშრალი ხიდი

მტკვარზე უწინ რამდენიმე დიდი თუ მცირე კუნძული იყო. ორბელიანების საკუთრება გახლდათ შემდგომში „მადათოვის“ სახელით ცნობილი ერთ-ერთი დიდი კუნძული, სადაც (უბანსა და კუნძულს შორის) 1851 წელს იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის (1817-1851) პროექტით ხიდი აიგო. 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მტკვრის სანაპიროები საავტომობილო გზებად აქცია, მდინარე ერთიან კალაპოტში მოაქცია და სკუდიერის ხიდის ქვეშ მდინარის მაგიერ ასფალტიანი გზატკეცილი გაჩნდა. სწორედ ამის მერე დაერქვა ამ ხიდს „მშრალი ხიდი“.  

ორბელიანთა გალავნის კოშკი 

ორბელიანთა უბნის შემომფარგვლელი ვრცელი გალავნისაგან დღემდე მხოლოდ  ერთი კოშკი შემოგვრჩა მტკვრის ქუჩაზე (N3).

პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა დიდი ისტორიით

დღეს ამ უბანშია საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, გიორგი ათონელის ქ. N25. ამ ადგილას XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან იდგა მეფე ვახტანგ V-ის სასახლე. შემდეგ, რაც მეფე თეიმურაზ II-მ ეს ადგილი ორბელიანებს აჩუქა, სასახლეც მათი საკუთრება გახდა. 

XIX საუკუნის ბოლოს ძველი სასახლე დაინგრა და მის ადგილზე 1880-იან წლებში ცნობილი ქართველი პოეტის გრიგოლ ორბელიანის ძმისწულმა, გიორგიმ, ახალი სახლი ააშენა.  

ქუჩის ხაზიდან ეზოს სიღრმეში შეწეული შენობა ეკლექტურ სტილშია გადაწყვეტილი. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში სახელმწიფო ორგანიზაცია იყო განთავსებული, 1992 წელს ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გადაეცა,  2018 წლიდან კი ორბელიანების ყოფილი სასახლე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაეთმო. კონკრეტულ დღეებში შენობა ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

ათონელის ქ. N23 და N27 

პრეზიდენტის შენობის მარჯვნივ, გიორგი ათონელის ქ. N23, თბილისელი ვაჭრების, ძმები აბოვიანცების ეკლექტური არქიტექტურის მქონე შემოსავლიანი სახლია (შენობები, სადაც ოთახები ქირავდებოდა), რომელიც არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის პროექტით აშენდა 1898 წელს. სახლის მოხატული სადარბაზოსა და კიბის რესტავრაცია 2021 წელს განხორციელდა.   

პრეზიდენტის შენობის მარცხნივ, გიორგი ათონელის ქ. N27, მოდერნის სტილის საცხოვრებელი სახლია, რომელიც საბჭოთა დროს სკოლად იქცა და ახლაც ეს ფუნქცია აქვს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამსართულიანი შენობის ლითონის შიდა კიბე თბილისში არსებულ მოდერნის ნიმუშებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ლონდონი“ და „გრანდოტელი“ 

ორბელიანთუბანში, ახლანდელ გიორგი ათონელის ქუჩაზე, მდებარეობდა ძალიან ცნობილი ორი სასტუმრო - „გრანდოტელი“ (გიორგი ათონელის ქ. N29) და „ლონდონი“/Hotel de Londres (გიორგი ათონელის ქ. N31).

„ლონდონის“ შენობა ზუბალაშვილების მდიდარ და ქველმოქმედ ოჯახს ეკუთვნოდა. პროექტი 1872 წელს არქიტექტორმა ოტო იაკობ სიმონსონმა (1832-1914) შეადგინა. სასტუმრო აქ 1875 წელს გაიხსნა. პირველი ფრანგი მმართველი 1893 წლიდან გერმანელმა ცოლ-ქმარმა - რიხტერებმა შეცვალეს, რომლებიც სასტუმროს 1914 წლამდე, მის გაუქმებამდე განაგებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ზუბალაშვილებმა სასტუმროს შენობა ხელისუფლებას გადასცეს იქ სამხედრო ლაზარეთის მოსაწყობად. საბჭოთა პერიოდში სასტუმროში ჯერ გლეხთა სახლი იყო, შემდეგ - პოლიცია, 1960-იანი წლებიდან დღემდე კი ის საცხოვრებელი სახლია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. 

შენობის არქიტექტურაში განსაკუთრებით ღირებულია მისი სადარბაზო, რომლის მოხატულ კედლებზე ფერწერული პანოებიც არის განთავსებული. 

1880-1890-იან წლებში „ლონდონში“ ჩერდებოდა ქალაქ თბილისში ჩამოსული თითქმის ყველა ცნობილი და საპატიო სტუმარი. მათ შორის იყვნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და მწერალი კნუტ ჰამსუნი, რომელმაც საქართველოს თემაზე შემდეგ ორი ნაწარმოები შექმნა: პიესა „დედოფალი თამარი“ და „ზღაპრული ქვეყანა“.

„გრანდოტელის“ შენობა ბაქოელ ვაჭარს ეკუთვნოდა. იქ 1881 წელს გაიხსნა სასტუმრო, რომელიც ისტორიაში ერთი ტრაგიკული ამბით შევიდა:  1901 წელს ვლადისლავ ემერიკმა, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მფლობელის შვილმა, ამ სასტუმროში მოკლა პოლონელი მწერლის სტანისლავ ფშიბიშევსკის მეუღლე, მწერალი და მთარგმნელი დაგნი იუელი, რომელიც მსოფლიოს ცნობილ ხელოვანთა - ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკისა და შვედი დრამატურგის ავგუსტ სტრინდბერგის მუზა იყო. მკვლელმა სამი წერილი დატოვა და შემდეგ თავი მოიკლა. 

დაგნი ჯერ კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს, 1999 წელს კი კუკიის სასაფლაოზე, წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში გადაასვენეს.  

„გრანდოტელი“ 1930 წლის შემდეგ წითელი არმიის ოფიცრებს გადასცეს საცხოვრებლად და შენობა ახლაც საცხოვრებელი სახლია. 

„9 აპრილის ბაღი“

ორბელიანთუბანსა და შოთა რუსთაველის გამზირს შორის, დამრეც ფერდობზე დიდი საზოგადოებრივი პარკია, სადაც უწინ თბილისელთა გასართობი ადგილი  -  „ყაბახი“ იყო. 1862 წლიდან აქ პირველი საზოგადოებრივი პარკის მშენებლობა იწყება არქიტექტორ ოტო იაკობ სიმონსონის პროექტით. პარკს იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელი ეწოდა, რაც კომუნისტებმა სახელ „კომუნარებით“ შეცვალეს. 1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა პატივსაცემად 1991 წლიდან პარკს „9 აპრილის ბაღი“ ეწოდა. პარკის ქვედა ნაწილი  ცნობილი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს, სადაც მისი ქანდაკებაც არის აღმართული. 

 „ბაზარი ორბელიანზე“

2019-2021 წლებში ორბელიანთუბანში ფართო სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და დღეს ის ბევრ ადგილობრივსა და ტურისტს ერთნაირად იზიდავს, თუმცა წლის ნებისმიერ დროს ტრადიციული ხალხმრავლობით ყველაზე მეტად „ბაზარი ორბელიანზე“ გამოირჩევა. ამ ტერიტორიაზე ბაზრები 1886 წლიდან არსებობდა, საბჭოთა დროს კი სამსართულიანი შენობა ააგეს. ყოფილი „საკოლმეურნეო ბაზრის“, ილია ვეკუას ქ. N3ა, ინტერიერი ბოლო წლებში სრულად განაახლეს და თანამედროვე დიზაინით შეცვალეს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა