თბილისის სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო 1894 წელს აშენდა. ეს ნაგებობა იმ იშვიათ შენობათა რიცხვშია, რომლებსაც დღემდე აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი ფუნქცია.
შენობა თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის (1858-1907) პროექტით აშენდა და მოცულობით ის მაშინ ერთ-ერთი დიდი ნაგებობა იყო თბილისში, ხოლო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით - სრულიად განსაკუთრებული.
არქიტექტორმა გვიანი რენესანსისა და იტალიური პალაცოების ბაროკული მოტივები გამოიყენა, მაგრამ ეს ეკლექტიკა ისეთი ოსტატობით, პროპორციების ზუსტი განსაზღვრითა და მაღალი გემოვნებით გააკეთა, რომ შენობა დღემდე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლად არის მიჩნეული.
ელეგანტური ფასადი და მხატვრულად შესანიშნავად დამუშავებული ინტერიერი - შესასვლელში პარადული, მაღალი კიბეებითა და შენობის მკლავების გამანაწილებელი მდიდრული როტონდით - ზუსტად პასუხობს შენობის ფუნქციასა და დანიშნულებას.
სხვადასხვა წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების წყალობით შენობის არქიტექტურა ავთენტიკურობასა და უწინდელ ხიბლს დღემდე ინარჩუნებს. დღეს აქ რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ორგანო - საქართველოს უზენაესი სასამართლოა განთავსებული.