ავტომუზეუმის ეზოში შესვლისთანავე ცნობისმოყვარეობა შეგიპყრობს და ვერ მოისვენებ, სანამ მუზეუმის დირექტორს და, ამასთანავე, გიდს არ შეხვდები. მას კარგად ახსოვს საბჭოთა წარსული და თითოეული ავტომობილის ისტორია, რომელსაც ძალიან საინტერესოდ მოგიყვება.
ავტომუზეუმში საბჭოთა წარსულის ყველა „მიღწევას“ ნახავ და დეტალურად შეიტყობ ამ ავტომობილების ინჟინერიის, აეროდინამიკის, ძრავისა და თავად ავტომობილის დანიშნულების შესახებ.
დღეს მუზეუმის კოლექციაში ორი უიშვიათესი ექსპონატია: ГАЗ-М1 და პიკაპი ГАЗ-4. მსოფლიოში ასეთი ავტომობილი სულ ხუთია შემორჩენილი.
მუზეუმის კოლექციაში ყველაზე პოპულარული კი „პობედა-ფაეტონია“ - ГАЗ М20 „Победа“, რომელიც 1947-53 წლებში გამოდიოდა.
უცხოური მოდელებიდან მუზეუმში წარმოდგენილია 1928 წლის „ფორდ-ა“ (Ford-A) და 1937-1940 წლების მოტოციკლი BMW R35;
აქ შენ თვალწინ გაცოცხლდება, ვინ როგორი ავტომობილით გადაადგილდებოდა მაშინდელ გიგანტურ სახელმწიფოში - კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი საბჭოთა ადამიანებით დამთავრებული. მათ ავტომობილებს შორის განსხვავებასაც კარგად დააკვირდი, ეს ერთგვარი ისტორიული რუკა იქნება საბჭოთა პერიოდში სამოგზაუროდ.