KA
Tbilisi Baroque Festival

თბილისის ბაროკო ფესტივალი

მუსიკას განსაკუთრებული ენა აქვს, ის შთაგვაგონებს და ჩვენი წარმოსახვის უნარს მრავალფეროვანი გრძნობებით მუხტავს. როდესაც უსმენ ბახს, ვივალდის, სკარლატის, კორელის ან თუნდაც ტელემანს, თითქოს დროში მოგზაურობ და საუკუნეების წინათ შექმნილი ჰანგები თავიდან ქმნის ისტორიას. „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბაროკოს ეპოქის საკრავებითა და ავთენტიკური მანერით, სწორედ ასეთი ჯადოსნური პოლიფონიის მოსმენის შესაძლებლობა გაქვს.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

როგორ შეიქმნა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“?

მიუხედავად იმისა, რომ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორები XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწეობდნენ, მათი ჯადოსნური მუსიკა დღესაც არანაკლებ პოპულარულია. ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ბაროკოს მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტაა“, რომელმაც ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები შეიძინა და კავკასიაში პირველი ბაროკოს ორკესტრი გახდა.

ვინ სტუმრობს „თბილისის ბაროკო ფესტივალს“?

სხვადასხვა დროს ფესტივალს ბაროკოს ეპოქის მუსიკის ისეთი საუკეთესო შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, კრისტოფ მაიერი, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვა.

ფესტივალის მრავალფეროვანი გამოცდილება

ფესტივალის ფარგლებში შენ მრავალფეროვან გამოცდილებას შეიძენ - კონცერტებთან ერთად, ტრადიციულად, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციებიც იმართება, ხოლო ფესტივალის სტუმრები - მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასებსაც შემოგთავაზებენ. 

დეტალური ინფორმაცია „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“

ფესტივალის ჩატარების თარიღსა და მონაწილეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ოფიციალურ Facebook-ზე იპოვი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა