KA
Tbilisi Art Fair

Tbilisi Art Fair / თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

Tbilisi Art Fair/თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ყოველ გაზაფხულზე იმართება და რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავარი კულტურული მოვლენა ხდება. TAF-ზე მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მხატვრები, საერთაშორისო გალერეები, ხელოვნების კრიტიკოსები, კოლექციონერები და ხელოვნების ინსტიტუტები.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ TAF-ზე?

თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე საერთაშორისო არტისტებისა და ჯგუფების ნამუშევრები ExpoGeorgia-ს სივრცეში სახელოსნოს ტიპის სპეციფიკური ფორმატით იფინება.

აქ შეგიძლია პირადად გაესაუბრო მხატვრებს; თვალი ადევნო მათ მუშაობას - ზოგიერთი არტისტი პირდაპირ შენ თვალწინ, რეალური დროის რეჟიმში ქმნის ნამუშევარს; ექსპოზიციის გარდა, TAF-ის დღეებში იმართება ცოცხალი პერფორმანსები და საინტერესო ვორქშოპები.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა პირველად 2018 წელს გაიმართა. TAF, ისევე როგორც სხვა მსგავსი ბაზრობები, მხატვარსა და მყიდველს ერთმანეთის აღმოჩენასა და თანამშრომლობას უმარტივებს, თუმცა მისი უპირველესი გაცხადებული მისიაა, დამთვალიერებელს, ბაიერებს, ექსპერტებს გააცნოს შავი, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნების ცნობილი და დამწყები გალერეები და საერთაშორისო არენაზე გაიყვანოს ამ რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანები. 

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობამ სხვადასხვა დროს  წარმოადგინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ცნობილი და დამწყები გალერეები: Kornfeld (გერმანია), NK (ბელგია), Kultur Dialog (სომხეთი), Valid Foto (ესპანეთი), Rooster (ლიეტუვა), Yarat (აზერბაიჯანი), Dawid Radziszewski, Raster, Czulosc (პოლონეთი), Mojdeh (ირანი), Nivet-Carzon, Bernard Jordan (საფრანგეთი), Stephan Stoyanov (ბულგარეთი), Art Rooms (თურქეთი), პროექტი Art Beat, ERTI, Window Project, Baia, TBC Gallery, Vernissage, Nectar, Chardin (საქართველო) და სხვა.

„თბილისის ხელოვნების ბაზრობამ არტის შეძენის სიამოვნება აღადგინა“, – წერს TAF-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ერიკ შლოსერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის მრჩევლად კულტურის სფეროში და მდიდარი გამოცდილება აქვს საერთაშორისო პროექტების მიმართულებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა