ერთი კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე, მსოფლიოში ცნობილ ხელოვანთა ფოტოშედევრების გვერდით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის ახალგაზრდა ფოტოგრაფების ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ნახავ.
თბილისის ფოტოფესტივალს ყოველ წელიწადს საპატიო მონაწილეები ჰყავს. ფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად აჩვენეს მსოფლიო მოდის სფეროში ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის ნამუშევრები, ასევე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფოტოსააგენტოს - Magnum Photos-ის ფოტოგრაფების ალექს მაიოლისა და ანტუან დ’აგატას ექსკლუზიური გამოფენები და სხვა.
თბილისის ფოტოფესტივალი მხოლოდ გამოფენებით არ შემოიფარგლება - ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, საინტერესო მასტერკლასები, საჯარო ლექციები და ფოტოგრაფებთან შეხვედრები. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, დაესწრონ დისკუსიებს, საჯარო ლექციებსა და ტექსტის კითხვას.
ეს ფესტივალი 2010 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა, გაზეთ Liberation -ის ფოტორედაქტორმა ლიონელ შარიემ და ქართველმა ჟურნალისტმა ნესტან ნიჟარაძემ დააფუძნეს.