KA

თუშეთის კემპინგი

ზღაპრული ბუნება, ულამაზესი მწვერვალები, ცამდე აზიდული კოშკები და ზღვის დონიდან 900-4490 მ სიმაღლეზე არსებული თვალისმომჭრელი სანახაობა - ეს თუშეთია, საოცარი მხარე საქართველოში, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

რას ნახავ თუშეთის წრიულ კემპინგტურზე

თუშეთის ცენტრი სოფელი ომალოა. სწორედ აქედან იწყება 6-დღიანი წრიული კემპინგტური, რომელიც მთელ თუშეთს მოგატარებს და დაუვიწყარ გამოცდილებას გაჩუქებს.

თუშეთის წრიული ტური მოიცავს თუშეთის რამდენიმე ხეობას: ჩაღმას ხეობას, პირიქითის ალაზნის ხეობას, გომეწრის ხეობასა და მათ სოფლებს. 

ომალოში ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზით, აბანოს უღელტეხილის (2860მ) გავლით მოხვდები, რომელიც საკმაოდ რთულ გზად მიიჩნევა. 

თავდაპირველად ქვემო ომალოში ვიზიტორთა ცენტრში უნდა შეხვიდე, სადაც ტურის დაგეგმვაში დაგეხმარებიან და საჭირო სერვისების - ცხენისა და მანქანის მომწოდებლებთან დაგაკავშირებენ. აქ ასევე გაგაფრთხილებენ, რომ თუშეთი დაცული ტერიტორიაა და ნებისმიერ ადგილზე კარვის გაშლა ნებადართული არ არის. ამისთვის სპეციალური ადგილები არსებობს. შემდეგ კი ზემო ომალოში უდიდესი სიმაღლის, შუა საუკუნეების კესელოს კოშკებს შეხვდები, რომელთა რეაბილიტაცია 2003 წლიდან მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 5 ციხე უკვე სრულადაა აღდგენილი. 

დღე პირველი - ომალო, შენაქო, დიკლო, ძველი დიკლო 

პირველი დღის მარშრუტი შედარებით მოკლეა: ომალოდან შენაქოში მიდიხარ - მომაჯადოებელი სიმშვიდის სოფელში; აქედან მეზობელ დიკლოში გადახვალ, სადაც ღამის გათენება საოჯახო სასტუმროშიც შეგეძლება და სურვილისამებრ, კარავსაც გაშლი. დიკლოსთან 3 კმ-ში ძველი დიკლოა - ლეგენდად ქცეული სოფელი უძველესი ციხის კომპლექსით. ძველი დიკლო საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთი  ბოლო სოფელია. აქედან ულამაზესი ხედებია, საიდანაც დაღესტანსაც კი დაინახავ. 

დღე მეორე - დიკლო, ჩიღო, დართლო

დიკლოდან უღელტეხილით ჩიღოში ჩახვალ, მარშრუტის ეს მონაკვეთი არც ისე რთულია, ამიტომ მის გავლას ფეხითაც შეძლებ და ცხენითაც.

ასე გადადიხარ პირიქითის ალაზნის ხეობაში, რომელიც თუშეთის უკიდურესი ჩრდილოეთია. ამის შემდეგ კი სასაზღვრო ზოლია - ის თუშეთს ჩეჩნეთისგან ყოფს. 

ჩიღოში საოჯახო სასტუმროში გაათევ ღამეს, მაგრამ, თუ ახალი აღმოჩენებისთვის ძალიან დაღლილი არ ხარ, დართლოსკენაც შეძლებ გზის გაგრძელებას.

დღე მესამე - დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო, ფარსმა, გირევი

დართლო სოფელი მუზეუმია, სადაც შემონახულია ძველი თუშური ტიპის ნაგებობები –  ფიქლის მშრალი წყობით ნაშენები აივნებიანი სახლები. 

აქვეა XIX საუკუნის ეკლესია და შუა საუკუნეების სასამართლო, რომელშიც, ადგილობრივების თქმით, XVIII საუკუნეში მოსამართლე ქალი იყო.

დართლოში რამდენიმე კაფეა, სადაც ადგილობრივი კერძებითა და სასმლით - ალუდით გაგიმასპინძლდებიან.

დართლოს მიმდებარედ, ვაკე ადგილზე საბანაკე სივრცეებია მოწყობილი. შუადღისას ირგვლივ პატარა სოფლებს - კვავლოსა და დანოს დაათვალიერებ.

დართლოდან პირიქითის ხეობას ზემოთ აუყვები, გაივლი ჭეშოს, ფარსმას და სოფელ გირევში ახვალ. ეს კი უკანასკნელი დასახლებული პუნქტია პირიქითის ხეობაში.     

დღე მეოთხე - ნაყაიჩოს უღელტეხილი, დადიკური, ვერხოვანი, ჯვარბოსელი

გირევიდან შეძლებ, ნაყაიჩოს უღელტეხილი დალაშქრო. ამისთვის სოფელ ფარსმაში უნდა დაბრუნდე და ხიდით გადაიარო პირიქითის ალაზანი. მდინარეში გავლა უმჯობესია, არ გარისკო, რადგან ამ ადგილებში ალაზანი საკმაოდ სწრაფია. 

ხიდის გადავლის შემდეგ ნაყაიჩოს წყალგამყოფ უღელტეხილზე ახვალ, რომელიც 2940 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქედან ულამაზესი პეიზაჟები იშლება. აგვისტოში მდელოები ძალიან გემრიელი კენკროვანებით ივსება. 

ნაყაიჩოდან კარგად ჩანს, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან პირიქითისა და გომეწრის ხეობები – ერთი პირქუში და კლდოვანია, მეორე კი ნაზი და ფერადი ფოთლებით აჭრელებული.

ნაყაიჩოს უღელტეხილიდან დადიკურის ნასახლართან დაეშვები, გაივლი გომეწრის ხეობის სოფლებს – ვერხოვანსა და ჯვარბოსელს, სადაც შეგიძლია, ადგილობრივი ჰოსტელი იპოვო ან ვარდავაკის კემპინგში დარჩე. 

დღე მეხუთე - ილიურთა, ბუხურთა, ვესტომთა

გზა სოფელ ილიურთის მიმართულებით გრძელდება. თუშეთში არსებული 4 ეკლესიიდან ერთი ილიურთის ეკლესიაა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული. აქედან კი ნახატივით  ჩანს მთებზე შეფენილი პატარ-პატარა სახლები. 

ილიურთიდან ბუხურთას გაივლი და ვესტომთაში ახვალ. აქამდე მხოლოდ საცალფეხო გზაა, ამიტომ იქვე დაბანაკდები. 

დღე მეექვსე - ვესტომთა, გოგრულთა, დოჭუ, ბოჭორნა, ქუე, ომალო 

ვესტომთიდან შეგიძლია გოგრულთაში გადახვიდე, შემდეგ ფიჭვნარში დაეშვა, გომეწრის ალაზანი ცხენით გადაკვეთო და დოჭუსკენ აღმართს შეუდგე, რომელიც ულამაზესი სოფელია აივნიანი ციხე-სახლებით. 

დოჭუდან სამანქანო გზით ბოჭორნაში გადახვალ - ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში, რომელიც 2345 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ივლისსა და აგვისტოში ადგილობრივებით ივსება, დანარჩენი თვეები კი ბოჭორნაში მხოლოდ ერთი ადამიანი  - ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ცხოვრობს. 

ბოჭორნიდან კი ომალოში დაბრუნდები, სადაც გზად ქუეა - ნიამორების გადასახედი და  თუ გაგიმართლებს, ჭოგრიტით ნიამორებსაც დაინახავ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა