ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მყინვარწვერის ძირში, მდინარე თერგის ხეობაში, ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისიდან სტეფანწმინდამდე 157 კმ-ია, თუმცა აუცილებელი არ არის ტურის საწყის წერტილად საქართველოს დედაქალაქი აიღო. სტეფანწმინდას კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, როგორც მაღალი დონის, ისე საოჯახო სასტუმროებით, რომლებიც ასევე მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს.
სტეფანწმინდიდან თხილმარის ტურისთვის რამდენიმე საინტერესო ადგილია: გერგეტის სამება, გველეთის გაყინული ჩანჩქერი, სოფელი სნო და სნოს ხეობა.
ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ეს ულამაზესი ტაძარი XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია. ის იყო ხევის უმთავრესი სალოცავი და თავისი დიდებულებით დღესაც იპყრობს მნახველს. ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი სიმაღლიდან ყაზბეგის ულამაზესი ხედები იშლება. სტეფანწმინდიდან სოფელ გერგეტამდე სამანქანო გზა მიდის.
აქ ორი ლამაზი ჩანჩქერია, რომლებიც ამავე დასახელების სოფელში მდებარეობენ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1560 მეტრ სიმაღლეზე. სტეფანწმინდიდან სოფელ გველეთამდე 7-კმ-იანი სამანქანო გზა მიდის. სოფელი ლამაზია, აქ ნახავ ფეოდალური პერიოდის ციხესაც. სოფლიდან პატარა ჩანჩქერამდე 1,5 კმ-ია, ხოლო მის მიმდებარედ არსებულ დიდ ჩანჩქერამდე მისასვლელად, რამდენიმე ასეული მეტრი კიდევ უნდა გაიარო.
ეს სოფელი მდინარე სნოსწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სტეფანწმინდიდან აქამდე სულ 8 კმ-ია. აქ ბევრი ისტორიული ძეგლი შეგხვდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მშობლიური სოფელია. ზამთრის მყუდროებაში თოვლში ჩაძირული სოფელი სნოსა და სნოს ხეობის თხილმარით მოვლა ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნო თავგადასავალი იქნება.
ზამთრის აქტივობებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საქართველოს მთიან ნაწილში ხდება, აუცილებელია, გახლდეს ადგილობრივი სერტიფიცირებული გამყოლი. მისი თანხლება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისთვის, როდესაც თხილმარით ხეობებში გადაადგილებას გეგმავ.
თუკი თხილმარის ტურის დაგეგმვა გინდა, მაგრამ თხილმარი არ გაქვს, სურვილზე უარს ნუ იტყვი - სტეფანწმინდის (ყაზბეგის) ცენტრში თხილმარის დაქირავებაც შესაძლებელია.