მისკენ გზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერიდან მიდის. ცენტრიდან ხეობისკენ დაახლოებით 2 კმ საფეხმავლო ტყის ბილიკით გახვალ, სადაც საინფორმაციო დაფები დგას და ხეობის ვიწრო მონაკვეთებზე უსაფრთხოების ჯებირებია მოწყობილი. ბილიკი საშუალო სირთულისაა, მხოლოდ ბოლოსკენ დაახლოებით 100 მეტრის ციცაბო ფერდობზე და დიდ ლოდებზე მოგიწევს გადავლა. ეს შედარებით რთული მონაკვეთია, თუმცა ამ გზას გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მაინც უამრავი ადამიანი გადის.
ჩანჩქერის გვერდით მღვიმეა, საიდანაც სასმელი წყალი მილით არის გამოყვანილი, რაც ბილიკს მთელ სიგრძეზე მიუყვება და საორიენტაციოდაც გამოდგება.
ჩანჩქერის აუზში წყალი კამკამა ფირუზისფერია და თუ აქ ბანაობა მოგინდება, გაითვალისწინე, რომ ნებისმიერი ჩანჩქერის ქვეშ ყოველთვის არსებობს ქვის ცვენის საფრთხე.
ჩანჩქერი მდინარე ინწრის კანიონში გადმოედინება. ეს ადგილი ხავსითა და ბზის კორომებით არის დაფარული და ირგვლივ საოცარი, მისტიკური გარემოა.