KA

კაიაკინგი ბჟუჟზე

მდინარე ბჟუჟზე კაიაკინგის მარშრუტი 3 სექციისგან შედგება. 
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

მდინარის სირთულე

ბჟუჟის სექციების სირთულის კატეგორიაა 3-5.

ადგილმდებარეობა

სოფელი შემოქმედი, საიდანაც მარშრუტი იწყება, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 190 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

მდინარე

მდინარე ბჟუჟი ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე იღებს სათავეს და კურორტ გომისმთასა და 7-ამდე სოფელს გაივლის. მდინარის სიგრძე 32,5 კმ-ია. 

მარშრუტი

მარშრუტის პირველი სექცია გომის მთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ჰესთან  იწყება და ბანაკ „ვაშლებთან“, სოფელ შემოქმედთან სრულდება;

პირველი სექციის სიგრძე 1.5 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 50 მ, სირთულის კატეგორია - 5 (უკიდურესად რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გადასასვლელები);

მეორე სექცია ბანაკ „ვაშლებთან“ იწყება და სარეკრეაციო ზონა ჩაქუხასთან სრულდება. მეორე სექციის სიგრძე 2 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 80 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (რთული, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო სიჩქარის წყალი, საჭიროებს მანევრირებას). 

მესამე სექცია ჩაქუხასთან იწყება და სოფელ შემოქმედთან სრულდება. მესამე სექციის სიგრძე  5 კმ-ია, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 90 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (რთული, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გადასასვლელები, საშუალო სიჩქარის წყალი, საჭიროებს მანევრირებას). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე ბჟუჟის სამივე სექციაზე კაიაკინგი შესაძლებელია გვიანი აპრილიდან მაისის ბოლომდე და ოქტომბრიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

გომისმთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ჰესამდე ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 9 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა ქალაქ ოზურგეთიდან ნებისმიერი ტიპის ავტომობილითაა შესაძლებელი. 

უსაფრთხოება 

ამ მარშრუტზე კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა