KA

ოზურგეთი

ოზურგეთში ჩამოსვლისას უნდა იცოდე, რომ ისტორიულად საინტერესო ადგილას იმყოფები. შუა საუკუნეებში ეს კულტურულად და ეკონომიკურად ძალიან განვითარებული რეგიონი იყო - ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით. გვიან ფეოდალურ ხანაში კი ოზურგეთი უკვე მიმზიდველი სავაჭრო ქალაქი და გურიის მთავრების რეზიდენცია გახდა. ოზურგეთში ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებსაც ნახავ. ქალაქის სახელი ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნიდან ჩნდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:35 სთ
ბათუმი
1:05 სთ
ქუთაისი
1:40 სთ

რას ნახავ ქალაქში? 

ოზურგეთში უნდა მოინახულო ისტორიული მუზეუმი, რომელიც 1936 წელს გაიხსნა და დღეს აქ 6 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული - ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IX ათასწლეულიდან დღემდე; 

გვერდს ვერ აუვლი ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრსაც, სადაც ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები ინახება. 

დაათვალიერე ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობა - ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ამით ოზურგეთელები და, ზოგადად, გურულები ძალიან ამაყობენ.

ოზურგეთის სოფლების - შემოქმედის, ჯუმათის, აჭისა და ლიხაურის ტაძრები, ლიხაურის ციხე, ასკანის ციხე, ვაშნარის ნაქალაქარი - ეს ისტორიული ძეგლები ნამდვილად მძაფრ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებს.

საინტერესო მარშრუტები ოზურგეთიდან

ოზურგეთიდან, სულ რაღაც, 30 კილომეტრშია გომისმთა, 72 კილომეტრში კი - ბახმარო. ორივე მთის კურორტია. მაკურნებელი თვისებების გამო, გურიის მთის ორივე კურორტი ძალიან პოპულარულია. 

ოზურგეთიდან ზღვის უახლოეს სანაპირომდე კიდევ უფრო ახლო მანძილია - 20 კილომეტრი გაშორებს ურეკსა და შეკვეთილს. გურიაში ზღვაც ისეთივე მაკურნებელია, როგორიც მთა. 

სამზარეულო

აქ უნდა გასინჯო ლობიო, მჭადი, ფხალეული და საშობაო - გურული ღვეზელი, რომელსაც საოცრად უხდება გურიაში მოყვანილი და გურულის ხელით დაყენებული ჩაი - კლასიკური შავი, გრეხილი შავი, მწვანე ჩაი. გურიის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი იდეალურია გემრიელი და ჯანსაღი ჩაის მოსაყვანად. ზოგადად, ქართული ჩაის ისტორია სწორედ გურიიდან დაიწყო და დღეს უკვე 200 წელს ითვლის. გურულ ფხალეულს კი აქაური ღვინო უნდა მიაყოლო. ჩხავერი, საკმიელა, ჯანი, სხილათუბანი, ცოლიკოური. ამ ყურძნის ჯიშებისგან ადგილობრივები არაჩვეულებრივ ღვინოს აყენებენ.

თუ მანდარინი, ფორთოხალი ან ლიმონი გიყვარს, ოზურგეთში შეგიძლია ის პირდაპირ ხიდან მოწყვიტო. გურიის მხარე თხილითაც ცნობილია - გურული თხილის ჯიშები - შველისყურა და გულშიშველა - ძალიან გემრიელია და თანაც იშვიათად ავადდება, შესაბამისად კი, მათში იმაზე მცირეა მავნე ნივთიერებების შემცველობა, ვიდრე ეს მკაცრი საერთაშორისო ნორმებითაა დაშვებული.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა