KA

კაიაკინგი დოლრაზე

მდინარე დოლრაზე კაიაკინგის მარშრუტი ორი რთული სექციისგან შედგება, რომლებიც გამოცდილი კაიაკერებისთვისაა განკუთვნილი. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა

სოფელი ბეჩო, რომლის სიახლოვესაც იწყება მარშრუტი, მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბის მისადგომებთან, ზღვის დონიდან 1635 მ-ზე მდებარეობს. 

მდინარე

მდინარე დოლრა სათავეს იღებს დოლრის მყინვარიდან, მდინარეს უერთდება შდუგრას ჩანჩქერი. დოლრის სიგრძეა 24 კმ. ძირითადად საზრდოობს მყინვარული წყლით, ერთვის მდინარე ენგურს მარჯვენა სანაპიროდან. გვიან გაზაფხულზე წყალდიდობა იცის.

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება შდუგრას ჩანჩქერების ხიდთან, რომელიც ბეჩოდან მოშორებით მდებარეობს, ზღვის დონიდან  1874 მ-ზე და სრულდება ბეჩოში, 1285 მ-ზე;
პირველი სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 589 მ, სირთულის კატეგორია 3+ (ზომიერად რთული, მრავალრიცხოვანი, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). მარშრუტიდან იშლება ულამაზესი ხეობისა და მწვერვალ უშბის ხედები. 

მეორე სექცია იწყება ბეჩოში, ზღვის დონიდან 1285 მ-ზე და სრულდება დოლრისა და ენგურის შესართავთან, ზღვის დონიდან 1193 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 2.5 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 150 მ, სირთულის კატეგორია 5-5+ (უკიდურესად რთული და გრძელი ვარდნები, რომელთა შორის მოკლე მანძილებია. დინება სწრაფი და ძლიერია, უკიდურესად ციცაბო გრადიენტი, საჭიროა უმაღლესი კლასის გამოცდილება). 

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე დოლრაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

ბეჩო დაბა მესტიიდან დაახლოებით 20 კმ-ით არის დაშორებული. ბეჩომდე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით. საავტომობილო გზის დასრულების შემდეგ იწყება 3-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი სასტარტო ადგილისკენ - შდუგრას ჩანჩქერების ხიდის მიმართულებით. 

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა