KA

კაიაკინგი ფარავანზე

მდინარე  ფარავანზე კაიაკინგის მარშრუტი ერთი რთული სექციისგან შედგება.  
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

მდინარის სირთულე

ფარავნის სექციის სირთულის კატეგორიაა 4-5.

ადგილმდებარეობა

ახალქალაქი, საიდანაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს - ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის. 

მდინარე

მდინარე ფარავანი სათავეს იღებს ზღვის დონიდან 2073 მ-ზე, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, რომელიც ზედაპირის ფართობით (37,5 კმ2) საქართველოს უდიდესი ტბაა. მდინარის სიგრძეა 74 კმ, საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლებით, გაზაფხულზე წყალუხვობა ახასიათებს. სოფელ ხერთვისთან ერთვის მტკვარს მარჯვენა სანაპიროდან.

მარშრუტი

მარშრუტი იწყება ახალქალაქში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე და სრულდება ხერთვისის ციხესთან, ზღვის დონიდან 1099 მეტრზე. 

სექციის სიგრძეა 16 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 435 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები).
ამ სექციაზე დაშვებამდე აუცილებელია, შევისწავლოთ სიფონების (ლოდების) ადგილმდებარეობა.

მარშრუტის სეზონურობა

ფარავანზე კაიაკინგი დამოკიდებულია ჰესიდან გამომდინარე ნაკადზე, წინასწარ სეზონის განსაზღვრა შეუძლებელია, კაიაკინგის დასაგეგმად საჭიროა ჰესის ადმინისტრაციასთან კონტაქტი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

ახალქალაქამდე თბილისიდან 116 კმ-ია. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა