KA

კანიონინგი უჩხოს კანიონზე

უჩხოს კანიონზე დაშვებას არ სჭირდება გამოცდილება ან განსაკუთრებული მომზადება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, უსაფრთხოდ გამოცადოს მარშრუტი.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

უჩხოს კანიონის ადგილმდებარეობა

უჩხოს კანიონი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება სოფელ უჩხოში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, სიმაღლის სხვაობა 550 მეტრია. მარშრუტზე გვხვდება 12 კასკადოვანი ჩანჩქერი, ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე 50 მეტრია, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და დაშვება 2 თოკის საშუალებით ხორციელდება. კანიონს აქვს ფართო ხეობა, ხეობის ირგვლივ გვხვდება შერეული და ფოთლოვანი ტყე. კანიონს, სხვა კანიონებისგან განსხვავებით, რამდენიმე გასასვლელი აქვს.

მარშრუტის სრულად გასავლელად საჭიროა 4-5 საათი, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა. 

სეზონურობა

ზაფხულის პერიოდი - სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +20,+25 გრადუსია.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

ქალაქ ბათუმიდან ხულოს მიმართულებით, შემდეგ კი სოფელ უჩხოსკენ ყოველდღე მოძრაობს მიკროავტობუსი. სოფლის ცენტრიდან კი შეგიძლია, მაღალი გამავლობის ავტომობილი დაიქირაო, რომელიც 20-30 წუთში მიგიყვანს გზის დასასრულამდე, საიდანაც სასტარტო ადგილამდე 3-4 კილომეტრი საფეხმავლო გზის გავლა მოგიწევს.

უსაფრთხოება და აღჭურვილობა

კანიონინგის დაწყებამდე ინსტრუქტორები დეტალურად აგიხსნიან, როგორ უნდა დაეშვა და აკონტროლო დაშვების სისწრაფე და სიხშირე.

კლდის თავზე საიმედოდ ხარ მიბმული და ეშვები წინასწარ შესწავლილი მარშრუტით.  სპეციალურ თერმოკოსტიუმს, ჩაფხუტსა და მეკლდეურის ქამარს ინსტრუქტორები მოგცემენ. ფეხზე დახურული, სპორტული ან ჰიდროფეხსაცმელი უნდა გეცვას.

სასარგებლო ინფორმაცია

ტურის დასაგეგმად უმჯობესია, ტურის ორგანიზატორს წინასწარ დაუკავშირდე. ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, ნაღდი ფულით.

ვინაიდან კანიონინგის პროცესში სრულიად დასველდები, თან ნუ წაიღებ არაწყალგამძლე ნივთებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა