ტბის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა და მას ხოზაფინს უწოდებენ, ხოლო მეორე თურქეთშია და აგდაშის სახელითაა ცნობილი, რაც თეთრ ქვებს ნიშნავს. ტბის სანაპირო ქვიანია, ქვები კი, წყლის ჭარბი მარილიანობის გამო, თეთრი ნალექით არის დაფარული.
კარწახის ტბა ჯავახეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში შედის და მისი აუზის ფართობი 158 კვადრატული მეტრია. სიღრმე კი მხოლოდ 1 მეტრს შეადგენს. აუზის რელიეფი ვულკანური წარმოშობისაა, ტბა გაუდინარია და დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე ყინულითაა დაფარული.
ჯავახეთის მთიანეთის ტერიტორიაზე ფრინველთა 140 სახეობაზე მეტია აღრიცხული და მათ შორის 80-85 სახეობა მკვიდრია, თუმცა კარწახის ტბაზე ნახავ როგორც მობუდარ, ისე გადამფრენ ფრინველებს. მათ შორის - ხუჭუჭა ვარხვს, რუხ წეროს, რუხ ყანჩას, თეთრ ყარყატს და სხვა. აქ ფრინველებზე დაკვირვებას წელიწადის ნებისმიერ დროს სპეციალური კოშკიდან შეძლებ. მაისიდან ოქტომბრამდე კი კარწახის ტბაზე გახსნილია თევზაობის სეზონიც. გაითვალისწინე, რომ კარწახის ტბაზე თევზაობა მხოლოდ ანკესითაა შესაძლებელი და აქ ჭაფალას, ჭანარს, კობრს და კიბორჩხალას დაიჭერ.