ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებულ რეგიონებს შორის ყველაზე ცივი და უტყეო მხარეა. მხოლოდ აქა-იქ გვხვდება ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები, მაგრამ ჯავახეთს სულ სხვა, თავისი განუმეორებელი სილამაზე აქვს - ვულკანური წარმოშობის მთები, ულამაზესი ტბები და თვალუწვდენელი საძოვრები.
ჯავახეთის ეროვნული პარკი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, ხანჩალის, ბუღდაშენისა და მადათაფის ტბები, კარწახისა და სულდის ჭაობების აღკვეთილები. ჯავახეთის უმაღლესი წერტილი მთა დიდი აბულია, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3 300 მეტრია.
ამ რეგიონში გამორჩეულად ლამაზი ტბებია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი - ფარავნის ტბა, რომელიც, ისევე როგორც ჯავახეთის სხვა ტბები, ზამთრობით ხანგრძლივი დროით იყინება და კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება. ფარავნის ტბასთან მეტეოროლოგებს რამდენჯერმე 40-გრადუსიანი ყინვაც დაუფიქსირებიათ.
წელიწადის თბილ დროს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტბები გადამფრენი და მობუდარი ფრინველების საყვარელი ადგილია, ფრინველებზე დაკვირვებისათვის მოწყობილი სპეციალური კოშკურებიდან კი იშვიათი სახეობის ფრინველების ნახვასაც შეძლებ. ამასთანავე, თევზით მდიდარი ჯავახეთის ტბები სამოყვარულო თევზაობისთვისაც იდეალური ადგილია.