არსებობის განმავლობაში კაცხის ეკლესია ორჯერ დაუწვავთ და აღუდგენიათ. ასე შენარჩუნდა უნიკალური ნაგებობა, რომელიც საქართველოში აგებული ყველა ტაძრისგან განსხვავდება - გარედან მრავალწახნაგოვანია, შიგნით კი გუმბათის სივრცის გარშემო განლაგებული ექვსი ნახევარწრიული აფსიდისგან შედგება. შვეიცარიელი მოგზაური და სიძველეთა მკვლევარი დიუბუა დე მონპერე კაცხის ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ნამდვილ ძეგლად მიიჩნევდა.
ეკლესიის სიგრძე 13,5 მეტრია, სიგანე - 12 მეტრი, შიდა სიმაღლე - დაახლოებით 17,5 მეტრი. მთავარ შესასვლელში ბაღვაშთა გერბის შემადგენელ ფიგურებს - ლომსა და მოხუც ანგელოზს ნახავ, გარშემოსავლელის შიგნით, მარჯვენა მხარეს კი კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას - ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენას იხილავ, რომელიც მრგვალ, მოჩუქურთმებულ ჩარჩოშია ჩასმული.
ეკლესიის ეზოში ლომის მონუმენტური ბარელიეფი შეგხვდება. ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებით) ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზეა განლაგებული.
კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ ინახებოდა უნიკალური, ტყავზე დაწერილი სახარება, რომელიც ექვთიმე ათონელმა 1059 წელს თარგმნა.
1924 წელს საბჭოთა მთავრობამ კაცხის ეკლესია დახურა და 1990 წლამდე მისი აღდგენის ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. დღეს ის მოქმედი ტაძარია, სადაც თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე.
კაცხის ეკლესიის პოვნა ძალიან მარტივია. ზესტაფონიდან ჭიათურისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 40 კილომეტრში სოფელი კაცხი შემოგხვდება, ერთი კილომეტრის შემდეგ კი კაცხის ეკლესიას დაინახავ. აქვეა საოცარი კაცხის სვეტიც, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო.