„თელავინო“ ქართველი მეღვინეების შეხვედრის ადგილია.
„დააგემოვნე, რომ შეიცნო ჭეშმარიტება!“ - ამ სიტყვებით შეგხვდებიან აქ ყოველ შემოდგომაზე დიდი ღვინის ქარხნებისა და პატარა საოჯახო მარნების წარმომადგენლები და საუკეთესო სასმელს შემოგთავაზებენ. მათი პროდუქცია - როგორც ქარხნის, ისე ოჯახური ღვინო და ჭაჭა - ფესტივალზე გამოტანამდე მკაცრ დეგუსტაციას გადის. ასე რომ, დარწმუნებული იყავი - შენს ჭიქაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სასმელს ჩამოასხამენ. თუმცა „თელავინო“ მხოლოდ ღვინის ზეიმი არ არის. სასახლის ეზოში ჭიქა ღვინით ხელში ქართულ ეთნოგრაფიასაც გაეცნობი - დაათვალიერებ და სურვილის შემთხვევაში შეიძენ ხელნაკეთ ნივთებს, ორიგინალურ ქართულ სუვენირებს; ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე მოუსმენ ცოცხლად შესრულებულ მრავალხმიან ქართულ სიმღერას, ნახავ ცეცხლოვან ქართულ ცეკვებს, გადაიღებ სამახსოვრო ფოტოებს, გაიცნობ საინტერესო ადამიანებს და, რა თქმა უნდა, მიირთმევ ეროვნული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.
„თელავინოზე“ ყველაფერია, რაც ქართულ ღვინოს უხდება. ამაზე კი კახეთის მეღვინეთა გილდია ზრუნავს, რომელმაც „თელავინო“ 2014 წელს დააარსა.