V-VI საუკუნეებში აგებული ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი ლეხურის მთელ ხეობას გადაჰყურებდა და ჩრდილოეთითა და სამხრეთით ხეობიდან მომავალ ვიწრო გზას კეტავდა.
დღეს კლდემაღალას ციხის დიდი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა ჩანს, რომ კოშკი რუხი და მოყვითალო ნატეხი ქვითაა ნაგები. შემორჩენილია სახურავის მორების ბუდეებიც.
ციხის პირველ სართულზე მაღალ და ვიწრო სარკმელს შეხვდები, ნახავ სამკუთხედად გადახურული ნიშების ნაშთსაც. მეოთხე სართულზე სათოფურების კვალი დაგხვდება - მრავალომიანობისა და ისტორიული ქარტეხილების დასტური.
ხალხში ამ ციხეს არსენას ციხეს უფრო ეძახიან. ეს სახელი ცნობილ ქართველ ყაჩაღს არსენა ოძელაშვილს უკავშირდება, რომელიც ღარიბების დასახმარებლად მდიდრებს ძარცვავდა.
ამბობენ, რომ არსენა სწორედ აქ უსაფრდებოდა კასპი-იგოეთის გზაზე მიმავალ რუსული იმპერიის ფოსტის ეტლებს და მდიდარ ჩარჩ-ვაჭრებს.
კლდემაღალას ციხე ხმის ბუნებრივი შემკრები პუნქტიც უნდა ყოფილიყო. ქვემოდან ზემოთ კასპი-იგოეთის გზაზე მიმავალთა ხმები აქ არაჩვეულებრივად ისმოდა. შესაბამისად, ქართველი „რობინ ჰუდი“ კარგად აკონტროლებდა შერჩეულ მგზავრს და ზუსტად საზღვრავდა, როდის უნდა დასხმოდა თავს.