KA

კლუბი "KHIDI"

თანამედროვე სამყაროში გართობისა და დასვენების ბევრი სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს, თუმცა დღესდღეობით ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ მიმართულებად შეგვიძლია ელექტრონული მუსიკის სფერო მოვიაზროთ. ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულ ლოკაციად დამკვიდრდა, სადაც ტექნოსცენის ცნობილი წარმომადგენლები და ელექტრონული მუსიკის გემოვნებიანი მსმენელები ყოველ შაბათ-კვირას საყვარელ ადგილებში იკრიბებიან. ანდერგრაუნდ კულტურით დაინტერესებულებს დღეს უკვე დიდი არჩევანი აქვთ, რომელ ქართულ კლუბს ესტუმრონ ან როდის დაგეგმონ სასურველ ფესტივალზე წასვლა. თუმცა წლების წინათ ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე პიონერი კლუბი არსებობდა, ერთ-ერთი მათგანი კი „ხიდია“, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ უამრავი ქართველი და უცხოელი ადამიანის საყვარელ გასართობ ადგილად იქცა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს ანდერგრაუნდ კლუბი „KHIDI“?

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის ქვეშ არსებული, ერთი შეხედვით, იდუმალი სივრცე ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ყოველ პარასკევსა და შაბათს, ადგილობრივი შემსრულებლები, უცხოელ არტისტებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში გამორჩეული ჟღერადობისა და კონცეფციის მქონე მუსიკას უკრავენ. კლუბში ორი განსხვავებული სცენაა, „Khidi“ და „G2“, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების მქონე მსმენელებს აერთიანებს. „ხიდის“ სცენაზე ისეთ დიჯეებსა და პროდიუსერებს მოუსმენ, როგორებიც არიან: Regal, Ancient Methods, Inigo Kennedy, Phase Fatale, Pablo Bozzi, Luke Slater, Volvox, James Ruskin, Tensalofficial, Matrixxman და ბევრი სხვა. რაც შეეხება „G2-ს“, ეს სივრცე, უცხოელ არტისტებთან ერთად, ხშირად დამწყებ ქართველ დიჯეებსაც მასპინძლობს და შესაძლებლობას აძლევს, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ.

კლუბის რეზიდენტები არიან: Ancient Methods, Oscar Mulero, Pablo Bozzi, Phase Fatale, Regal და Unhuman, ხოლო ქართველი არტისტებიდან - Boyd Schidt, Liza Rivs, Neux, Yanamaste, OTHR, Vulkanski, Saphileaum და Frequency Shifter.

„KHIDI“ საკლუბო ღამეებზე და სხვა სპეციფიკურ ღონისძიებებზე მოძრავ გამოსახულებებს, ვიდეოხელოვნებასა და ზოგადად VJing კულტურას აბრუნებს. კლუბში არსებული ახალი ტექნოლოგიური რესურსები კი ამ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელონ და საკლუბო ღამეები ვიდეოარტით გააფორმონ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ვიზუალური ხელოვნებით გატაცებულ ადამიანებს და საშუალება მისცეს მათ, თავიანთი ნამუშევრები საინტერესო ფორმატში წარმოადგინონ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა