დღეს ამ სცენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი, კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილთან ერთად, კლასიკურ დრამატურგიაზე დაყრდნობით საინტერესო თეატრალურ ექსპერიმენტებს ახორციელებს.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი - მოლიერის „სკაპენის ოინები“ 1935 წელს დაიდგა, პირველი ქართული მუსიკალური კომედია „ხაჯარათი“ კი მაყურებელმა 1939 წელს იხილა.
თეატრს ვასო აბაშიძის - ქართველი მსახიობისა და ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი 2000-იანი წლების შუა ხანებიდან მიენიჭა.
2021 წლიდან კი მუსიკისა და დრამის თეატრი განახლებული სახელწოდებით - „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ ახალ მისამართზე, დავით აღმაშენებლის #182-ის ნაცვლად, დავით აღმაშენებლის #127-ში გელოდება.