KA

ბობოყვათი

მნიშვნელობა არ აქვს, დამღლელ ყოველდღიურობას გამოქცეული შვებულების გატარებას მარტო აპირებ თუ ოჯახთან ერთად - ბობოყვათი სწორი არჩევანი იქნება. მსოფლიოში უნიკალური კლიმატი, ზღვის სანაპირო, მასზე აყოლებული ევკალიპტებისა და ფიჭვნარის ტყე მშვიდი და ჯანსაღი დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:35 სთ
ბათუმი
0:50 სთ
ქუთაისი
2:15 სთ

კურორტი ბობოყვათი

ბობოყვათი ქობულეთიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან  60 მეტრზე მდებარეობს. ზღვისა და ტყის ჰავის შერწყმა აქ უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის. კრიალა ჰაერი სისხლს ჟანგბადით აჯერებს და ორგანიზმს სიცოცხლის ენერგიით ავსებს. 

სუფთა ჰაერის გარდა, ბობოყვათში უმშვენიერესი ზღვის ხედებია. მრავლადაა სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო. აქ კარგი დასვენებისთვის საჭირო სასიამოვნო გარემოს შეგიქმნიან. სანაპიროზე მიმობნეულია კაფე-ბარები და რესტორნები, სადაც უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებ. 

რა ვნახოთ ბობოყვათში?

ბობოყვათში შემოდის ბათუმის ბოტანიკური ალპური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ალპური ზონის ფლორის უნიკალური ნიმუშებია თავმოყრილი.

აქ არის საქართველოს წმინდანად შერაცხილი პატრიარქის ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი, რომელიც არქიტექტურით და განსაკუთრებულად მოვლილი ეზოთი გამოირჩევა. აქვე მდებარეობს საქართველოს საპატრიარქოს საზაფხულო რეზიდენციაც. 

ბობოყვათში ნახავ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ცნობილ ჩაის ფაბრიკას. ფაბრიკამ დაბაში ჩაის მოყვანის კულტურა განავითარა. ჩაის კრეფა, დამუშავება, ქარხნულად დაფასოება, პლანტაციიდან მზა ჩაის მიღების მთლიანი პროცესი ტურისტებისთვის საინტერესო სანახავია და სწორედ ამიტომ აჭარაში მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის ტურისტული მარშრუტი ბობოყვათის ჩაის ფაბრიკაზეც გადის.

ბობოყვათის ისტორია

აქ აღმოჩენილია ძვ. წ.  XII–XI საუკუნეების კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ისტორიული ძეგლი - ბობოყვათის განძი, რომელიც შეიცავს ბრინჯაოს ბრტყელ ცულს, სეგმენტირებულ იარაღს და წალდსა და ოთხ თოხს. აქ აღმოჩენილი სოფლის მეურნეობის იარაღები იმას ადასტურებს, რომ იმ ეპოქაში კოლხეთში განვითარებული იყო მიწათმოქმედება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა