KA

ნუნისი

ბუნებრივად თბილ, სამკურნალო, გოგირდოვან წყალს საქართველოში, ნუნისში შეხვდები. აქაური მინერალური წყლების შესახებ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში იყო ცნობილი. ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, რომ ის იყო „საამო და მარგებელი“.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
3:25 სთ
ბათუმი
4:00 სთ
ქუთაისი
1:55 სთ

კურორტი ნუნისი

ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ნუნისი იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მის უნიკალურ მიკროკლიმატს მრავალფეროვანი ტყეებისა და ბალნეოლოგიური წყლების შერწყმა ქმნის.  

კურორტის სტატუსი ნუნისმა 1856 წელს მიიღო. მისი ჰავა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვული დაავადებები აწუხებს. გამაჯანსაღებელი ზვარეს წყალი გამოიყენება როგორც დასალევად, ისე აბაზანების მისაღებად, რაც ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების სიუხვე დამსვენებელს სრულ სიმშვიდეს ჰპირდება, გაზაფხულზე კი, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერი განსაკუთრებით ეფექტიანია ფილტვებისა და ბრონქების გასაჯანსაღებლად. 

ისტორიული ნუნისი

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ბრძოლიდან მობრუნებულ საქართველოს მეფეს, დავით IV აღმაშენებელს, ნუნისში შეუსვენია. დაღლილი სახედრები ერთიანად დაწყლულებული და გადატყავებული კანით ნუნისის წყალში შესულან, დიდხანს წოლილან იქ და როცა აუყენებიათ, კანი მოშუშებული ჰქონიათ. 

ნუნისის უძველეს ისტორიაზე მეტყველებს შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი ბერების კლდე და IX-X საუკუნეების ეკლესია. ლეგენდის თანახმად, ეს ორი უძველესი ადგილი ერთმანეთს საიდუმლო გვირაბით უკავშირდება. 

იდუმალი ნუნისი

ბერების კლდე გამოქვაბულების ერთგვარი კომპლექსია, რომელიც შიშველი ფლატეს ზედა ნაწილში ორ იარუსადაა გამოკვეთილი. 

არსებობს ვერსია, რომ ნოეს კიდობანი ამ ადგილზე იდგა. წლების წინათ, აქ ჩატარებული არაოფიციალური ექსპედიციის შემდეგ, ასევე ითქვა, რომ აღმოჩენილია ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში, რომლის მიღმაც სახარებაში „ლაზარედ“ მოხსენიებული წიგნი დევს.  

სხვა ვერსიით, ამ კლდეში ინახება უძველესი რელიკვია, რომელიც ქართველებმა, თამარ მეფის დავალებით, წმინდა მიწიდან წამოიღეს და ის იესოს ჯვარცმას უკავშირდება. 

ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდია.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა