KA

ფასანაური

საქართველოში არაგვის ხეობას ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო, რადგან აქაურობა დაუვიწყარი დასვენებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. კავკასიონის მთები, სამკურნალო ჰაერი, მინერალური წყლები და გასტრონომიული მრავალფეროვნება - ასეთია ფასანაური, პოპულარული ეროვნული კერძის - ხინკლის სამშობლო.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:45 სთ
ბათუმი
6:00 სთ
ქუთაისი
3:50 სთ

სად მდებარეობს ფასანაური?

ფასანაური თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს - ასე ეწოდება თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 206-კილომეტრიან გზას, რომელიც ევროპის ავტომაგისტრალის - e117-ის ერთ-ერთი მონაკვეთია. დაბა 1050 მეტრის სიმაღლეზე, დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე თეთრი არაგვის ხეობაშია გაშენებული. 

კურორტი ფასანაური 

ფასანაური, როგორც გამორჩეული საკურორტო ზონა, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ჯერ კიდევ ძველი დროიდან იყო ცნობილი. შუამთის კლიმატი სასარგებლოა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის. ფასანაურის მინერალური „მჟავე წყლები“ კი, რომლებიც ქალაქის განაპირას, არაგვის ხეობაში მიწიდან ამოდის, კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება. 

სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა თეთრი არაგვის წყალიც, რომელზედაც ადგილობრივები ლეგენდებსაც კი მოგიყვებიან - გეტყვიან, თუ არაგვში სამჯერ შეხვალ, სახსრები აღარასდროს შეგაწუხებსო. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არაგვი ძალიან სწრაფი მდინარეა, წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16-17 გრადუსს არ აღემატება, ამიტომ, თუ არაგვში შესვლას გადაწყვეტ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო და მდინარეში მხოლოდ შუადღისას იბანაო.

ორი მდინარის შეერთება - თეთრი და შავი არაგვი

ფასანაურში ბუნების ნამდვილ სასწაულსაც შეხვდები: აქ ორი არაგვი - თეთრი (მთიულეთის) და შავი (გუდამაყრის) - გვერდიგვერდ მიედინება და წყალდიდობის დროსაც კი არ ერევა ერთმანეთს. 

ჯომარდობის მოყვარულთათვის მდინარე არაგვი საუცხოო თავგადასავალია - არ აქვს მნიშვნელობა, ცურვა იცი თუ არა, აქ, საჯომარდო ბანაკში, მარტივი მარშრუტების გავლას შეძლებ, რაშიც ადგილობრივი ინსტრუქტორები დაგეხმარებიან. 

სალაშქრო ტურები ფასანაურში

საინტერესო სალაშქრო მარშრუტები ფასანაურის ირგვლივაც შეგიძლია დაგეგმო - ლომისის მთაზე (2452 მ) და ალევის კლდეზე  (1973 მ).

ტურისტული ბილიკებით კი ულამაზეს ყელის ტბაზე გადახვალ და ხადის ხეობაში საცხენოსნო ტურის მოწყობის შესაძლებლობაც გექნება.

ბიბილიანთ ახო, დავითოს კუნძული და საქორის მთა - ფასანაურში ამ გადასახედებიდან შენ თვალწინ დიდებული ხედები გადაიშლება.

ფასანაურის ხინკალი

მრავალფეროვანი ტურების შემდეგ ფასანაურის ხინკალი შენი თავგადასავლის საუკეთესო დასასრულია. მისი განსაკუთრებული გემო აუცილებლად დაგამახსოვრდება, ამის საიდუმლო კი ის სანელებლებია, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივებმა იციან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა