KA

კურორტი შეკვეთილი

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით 45 კმ-ში მდებარეობს პატარა ზღვისპირა კურორტი შეკვეთილი. იშვიათად თუ შეხვდები სადმე ასეთ პატარა ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, წყნარ, საკურორტო ზოლს და, მეორე მხრივ, უამრავ თანამედროვე სანახაობასა და გასართობს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:15 სთ
ბათუმი
1:00 სთ
ქუთაისი
1:55 სთ

შეკვეთილის სანაპირო

შეკვეთილის სანაპიროს სიგრძე 3 კილომეტრია, სიგანე - დაახლოებით 30 მეტრი.  სანაპიროზე მაგნიტური ქვიშაა, რომელიც, ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან, ფიჭვის კორომებთან და ზღვის წყალთან ერთად, ბუნებრივ სამკურნალო გარემოს ქმნის. ასეთი გარემო განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები აწუხებს. ეფექტიანია ძვლებისა და სახსრების გასაკაჟებლადაც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

შეკვეთილი  ბავშვებიანი ოჯახებისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია, წყლის სიღრმე დაბალია, ნაპირი კი - სუფთა.

სანაპირო ზოლის უკან გაშენებულია სეზონური საოჯახო სასტუმროები. ამჟამად შეკვეთილში ოცდაათამდე საოჯახო სასტუმროა კეთილმოწყობილი ნომრებით, გამწვანებული ეზოებით, საპარკინგე ადგილებითა და აუზებით.

აქვე, მდინარე ნატანებისა და შავი ზღვის შესართავთან შეგიძლია, ანკესით ვიმბა, ტობი და ქარიყლაპია დაიჭირო. 

 სანახაობები და გასართობი ადგილები

შეკვეთილის ტერიტორიაზეა უნიკალური დენდროლოგიური პარკი. შეკვეთილის პარკი 60 ჰექტარს მოიცავს, სადაც მსოფლიოსა და საქართველოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას ნახავ, მათ შორის - იშვიათ გიგანტურ ხეებს, ვარდისფერ ფლამინგოებს, ეგზოტიკურ ფრინველებს;  

შეკვეთილში მდებარეობს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს; იქვეა „მუსიკოსების პარკი“ - დასასვენებელი სკვერი, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას, ირგვლივ კი ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა ჟღერს. მუსიკოსთა პარკში მოწყობილია „სოციალური სივრცე“, სადაც დაისვენებთ, იქვე ტყის ბიბლიოთეკაში წაიკითხავთ წიგნს, კონცეპტუალურ მაღაზიაში შეიძენთ ეკომეგობრულ ნივთებს, კაფეში კი ორგანული პროდუქტით მომზადებულ საკვებს დააგემოვნებთ.

შეკვეთილში გაშენებულია თანამედროვე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი; პარკ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი „მინიატიურების პარკია“, სადაც საქართველოს არქიტექტურული ძეგლების მინიატიურული მოდელებია წარმოდგენილი.   

როგორ ჩახვალ შეკვეთილში?

ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეკვეთილში, შესაბამისად, 50 და 90 წუთში ჩახვალ; ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან - 20 წუთში; შეკვეთილთან უახლოესი რკინიგზის სადგური ურეკია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა