KA

ლატალი - მხერი

ზემო სვანეთის ზღაპრული ბუნება გასაოცარ თავგადასავალს გპირდება, რადგან, როგორც კი ამ მხარეში მოხვდები, შენ წინ უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლები და ულამაზესი ხედები გადაიშლება. აქ ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სალოცავსაც ნახავ, რისთვისაც მხერის მთის დასალაშქრად უნდა წახვიდე.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

მარშრუტი: სოფელი კვანჭიანარი-მხერის მთა

მხერის მთისკენ მიმავალი გზა სოფელ კვანჭიანარიდან (ლატალის თემი) იწყება. მარშრუტი საშუალო სირთულისაა. 

სოფლიდან მხერის მთამდე 7 კმ-ია. ბილიკი ტყიან ზონას მიუყვება და ბოლო 1 კმ ალპურ ზონაში გადის.

მხერის მთის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2490 მეტრია. აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი - მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მას საოცარი  ფრესკა - „ამაღლება“ ამშვენებს, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება.

მთიდან 360-გრადუსიანი პანორამა იშლება, ჰორიზონტზე კი კავკასიონის მწვერვალები მოჩანს, ქვემოთ - სვანეთის სოფლები. 

ლაშქრობისთვის სასურველი პერიოდი ივლისიდან სექტემბრის მიწურულამდე გრძელდება, ზამთრის განმავლობაში კი აქ დიდთოვლობაა. 

რით არის გამორჩეული ლატალის თემი?

ლატალის თემი, რომელიც 10 სოფელს აერთიანებს,  ტაძრებისა და სიწმინდეების სიმრავლით გამოირჩევა - აქ შუა საუკუნეებში აგებული და მოხატული 60-ზე მეტი ეკლესიაა.  

ივლისის ბოლო ორშაბათს კი ლატალში ტრადიციული დღესასწაული ლატალობა აღინიშნება. ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება, შემდეგ კი დღესასწაულის სტუმრებისთვის გენიალური სვანური სიმღერები სრულდება, სვანური კერძები მზადდება და სვანური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა