KA
2024-12-14T18:46:28.000000Z
ლეგენდებში აღმოსაჩენი საქართველო

ლეგენდებში აღმოსაჩენი საქართველო

ყველა ძველ ერს მითებისა და ლეგენდების დიდი მარაგი აქვს. ლეგენდები ერის განსაკუთრებულ თვისებებზე, ეროვნულ ხასიათსა და მიდრეკილებებზე მიანიშნებს. ამავე დროს, მას მსოფლიო მითების რუკაზე განათავსებს და სამყაროს მითებს მიაბამს.
სარჩევი

ეს იმიტომ, რომ, როგორც ლაო ძი ამბობს, ყველაფერი ერთიდან დაიწყო და ყველაფერი ერთში დამთავრდება.

განსაკუთრებული საქართველო

ერთ ქართულ ამბავს გიამბობ და მიხვდები, აქვს თუ არა ქართველს განსაკუთრებულობის გრძნობა, რომელსაც ზოგჯერ თვითონვე დასცინის.

ამბავი ასეთია: თურმე ღმერთი მიწებს ანაწილებდა და ქართველებმა დააგვიანეს. ღმერთმა, - რატომ დააგვიანეთ, აღარაფერი დარჩა და რა მოგცეთო?! შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და დრო არ გვეყოო, - უპასუხეს ქართველებმა. გულაჩუყებულმა ღმერთმა მიწის თავისი წილი დაუთმო, - ამაზე დასახლდითო. 

როგორ ფიქრობ, როგორი ადგილი იქნებოდა?! ჰოდა, აქაა დღეს საქართველო

სხვა ამბავიც არსებობს: როცა მოციქულებმა ქრისტიანობის საქადაგებლად ქვეყნები დაინაწილეს, საქართველო წილად ღვთისმშობელ მარიამს ერგო. ავადმყოფობის გამო, მან წამოსვლა ვერ შეძლო და ის ქრისტეს მოწაფეებმა შეცვალეს. საქართველოს კი სამუდამოდ დაუმკვიდრდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სახელი.

წმინდანები და მეფეები

რაკი ქრისტიანულ, არც ისე შორეულ ამბებს შევეხეთ, წმინდა ნინოზეც გიამბობ. წმინდა ნინო დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან, ძველი კაპადოკიიდან იყო. აქედან იყო მსოფლიოს ქრისტიანული წმინდანიც - წმინდა გიორგი. წმინდა ნინომ წარმართი ქართველები გააქრისტიანა. მხოლოდ ერთეულმა მოქალაქეებმა კი არ იწამეს ქრისტე, ქართლის მეფემაც და დედოფალმაც აღიარეს იესო და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. ნინო უშუალოდ ქართული ქრისტიანული სამყაროს არქეტიპია. სახელი „ნინო“ კი საქართველოში ქალის ერთ-ერთი გავრცელებული სახელია. 

საქართველოში ლეგენდების საყვარელი პერსონაჟები არსებობენ - მეთორმეტე საუკუნის ქალი მეფე თამარი და კაპადოკიელი წმინდა გიორგი ლეგენდების სიხშირით ერთმანეთს არ  ჩამორჩებიან. ამბობენ, საქართველოში წელიწადის სამას სამოცდახუთივე დღეს წმინდა გიორგის ლეგენდა აქვსო. ბევრ ადგილთან, ბევრ ტრადიციასთან კი ისეა მიბმული თამარის სახელი, რომ ხშირად ეჭვიც კი უჩნდება მსმენელს, ეს ამბავი მართლა მოხდა თუ გამოიგონეს. 

აი, აქ თამარს გაუვლია და ეს მომხდარა, აქ თამარს წყალი დაულევია; აი, თამარ მეფე, როცა ის პატარა იყო, გამოქვაბულში დაკარგულა და როცა ეძებდნენ და მის სახელს გაჰყვიროდნენ, გამოქვაბულიდან დაუძახია, - აქ ვარ, ძიაო და შემდეგ  გამოქვაბულების ქალაქს „ვარძია“ დარქმევია. ეს ქალაქი კლდეში სანახავი გაქვს ისევე, როგორც უფლისციხე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ამ ქალაქში არის ქუჩები, სკვერები, თავშეყრის ადგილები, საკანალიზაციო სისტემა. ქალაქიდან საიდუმლო გვირაბი ჩადის მდინარე მტკვართან. 

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ უფლისციხე მონების მიერაა აშენებული. მონებს წერაქვებს აძლევდნენ, რომ კლდე გამოეტეხათ. წერაქვები რკინით დაფარული ოქროსგან იყო დამზადებული. მონები დიდხანს მუშაობდნენ და მერე, როცა კლდის თხრაში  რკინას გაცვეთდნენ, მათი შრომის ანაზღაურებაც ხელთ ჰქონდათ - წერაქვის ოქროს ნაწილი. ამ ლეგენდით ორი რამ დასტურდება: პირველი - რამხელა შრომის შედეგია უფლისციხე და მეორე - საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებისა და დამუშავების ტექნოლოგიას ძველთაგან ფლობდნენ. 

მითური პერსონაჟები

ქართული მითები და ლეგენდები ის მაგიური სამყაროა, ამბავს რომ მოგიყვება და საფიქრალსაც ბევრს გაგიჩენს - პარალელები ქვეყნებთან, ხასიათებთან, მოვლენებთან. მერე საინტერესო ქსელიც დაიხლართება და ამ ქსელში ინტერესით დაიწყებ მითური პერსონაჟების თვალიერებას. 

ვინ არიან ისინი? ტყის დედოფალი ტყაშმაფა და ნადირობის ქალღმერთი დალი - ქართველი არტემიდა და დიანა; ღრუბლების მბრძანებელი ელია; თეთრი მანგური, იახსარი, კოპალა და ა.შ. ხოგაის მინდიას მითი-ლეგენდა იმაზე მოგვითხრობს, რა კარგი და ცუდი მოჰყვება ამქვეყნად ყველაფრის გაგების უნარის შეძენას. გესმოდეს ყველაფრის ენა, ანუ ყველაფერი იცოდე, არც ისე კარგი ყოფილა.

მიჯაჭვულმა ამირანმა ტყვეობას თავი დააღწია თუ არა, ამასაც სხვადასხვაგვარად გვიამბობს ლეგენდა. ამირანმა ადამიანებს ღმერთისგან მალულად ცეცხლი მიუტანა, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა - კლდეზე, რკინის პალოზე ჯაჭვით მიაბეს. ერთი ჩიტი პალოს ნისკარტით ერჩოდა, ის იყო მოაყანყალებდა და ამირანსაც გათავისუფლების იმედი გაუჩნდებოდა, რომ ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ისევ მაგრად ჩაასობდნენ პალოს და ასე გაუთავებლად. 

ამირანის ლეგენდამ პრომეთე გაგახსენა, არა? და შინაარსმა, - როცა ამირანი თავს ვერ იხსნის და მარადიულ ტანჯვაშია, - სიზიფეს შრომა?

პრომეთესა და ამირანის მსგავსებამ ერთ მნიშვნელოვან მითამდე მიგვიყვანა. მნიშვნელოვანიც იმითია, რომ უშუალოდ ებმის სამყაროში მითების სამშობლოს, საბერძნეთს და მსოფლიოს რუკაზე საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის, კონტურს სიმკვეთრეს მატებს.

მითი არგონავტების შესახებ

მითი არგონავტების შესახებ, ალბათ, გსმენია? ერთხელ კიდევ გიამბობ და მერე იმასაც გეტყვი, რატომაა ყველა მითი ნახევრად სიმართლე, როგორც ეს ტროას გათხრებით შლიმანმა დაადასტურა.  

კოლხეთის სამეფო დღევანდელი დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაა. კოლხეთის მეფე იყო აიეტი - ჰელიოსის, მზის ღმერთის შვილი. მითები ამბობენ, რომ მბრძანებლობა აიეტის არჩევანი იყო. აიეტს ჰყავდა ქალიშვილი მედეა, რომელიც ჰელიოსს შვილიშვილად ერგებოდა. მსოფლიო მითოლოგიასა და მწერლობაში სწორედ მედეამ დაიპყრო სივრცე და დღესაც მას ახსენებენ, მამამისზე ბევრს არ საუბრობენ. 

აიეტს ჰქონდა ოქროს საწმისი - ოქროთი დაფარული ცხვრის ტყავი თუ ოქროსბეწვიანი ცხვრის ტყავი, რომელსაც დიდი ეზოტერიკული დატვირთვაც ჰქონია. ოქროს საწმისის მოსაპოვებლად საბერძნეთიდან გემი „არგო“ ჩამოსულა. მისი კაპიტანი იაზონი მეფეს ეახლა და საწმისი სთხოვა. მეფემ რამდენიმე პირობა დაუთქვა, თუ შეასრულებდა, საწმისს მისცემდა.

აიეტი გრძნეული ძალის მეფე იყო და მისი პირობების შესრულება ძნელი იქნებოდა, თუ შეუძლებელი არა. აიეტის ქალიშვილმა მედეამ, რომელსაც კუპიდონმა იაზონის სიყვარულის ისარი ესროლა, ბერძენს ასწავლა, სიძნელეს როგორ გამკლავებოდა. აიეტის გრძნეულებას მათ ვერ აჯობეს, მაგრამ საბოლოოდ ოქროს საწმისი მოიპარეს და საბერძნეთში წავიდნენ. 

როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, ამაზე არა ერთსა თუ ორ ლიტერატორსაც დაუწერია, ამიტომ თავს არ შეგაწყენ. მხოლოდ ერთს გაგახსენებ: მსოფლიოში ჯანდაცვას მედიცინა ჰქვია, სიტყვა, რომელიც სახელი მედეასგან წარმოდგება. მედეას ისეთივე ჯადოსნური უნარი ჰქონდა მცენარეების ამოცნობის, როგორც მის მამიდა კირკეს - აიეტის დასა და ჰელიოსის არცთუ ბედნიერ ასულს. მედეას ბევრი სამკურნალო მიქსტურის დამზადება შეეძლო, სიკვდილის კლანჭებიდან ბევრიც დაუხსნია, ამიტომ დაუკავშირდა მის სახელს მედიცინა, როგორც მკურნალობით ადამიანების გადარჩენის მეცნიერება. 

ის, რომ „არგოს” მდინარე ფაზისით შეეძლო მოძრაობა, მეოცე საუკუნეში ტიმ სევერინმა თავისი ნავით, „არგოთი“ მოგზაურობით დაადასტურა. იმის დადასტურება, რომ ქართველების სისხლში მზის ღმერთის გენებია, მომავალს დავუტოვოთ. თუმცა კოლხეთში, შავი ზღვის პირას, ნაოსნობისა და ზღვის კულტურის სათანადოდ განუვითარებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ოქროს საწმისის ეზოტერიკულ ძალას ასახელებენ, - კოლხებს ზღვის ეშინიათ, რადგან ზღვით მოვიდნენ და წაართვეს ის, რაც მნიშვნელოვანი იყოო. 

ვინ იცის?!

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა