KA

ლუხი-ოქროწყლის ტბები

ხოჯალის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, იქ, სადაც სვანეთი და აფხაზეთი ერთმანეთს ხვდება, დედამიწის ორი თვალივით შემოგხედავს ორი ტბა - ოქროწყლის ტბები. აქ ამოსვლა სამყაროსთვის მზერის გასწორებას ჰგავს, პირდაპირი მნიშვნელობითაც - ოქროწყლის ტბებამდე მისასვლელად საკუთარი თავის გამოცდა დაგჭირდება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

გზა ოქროწყლის დიდ ტბამდე

ოქროწყლის ტბები მესტიის მუნიციპალიტეტშია. გზა ტბებამდე ხაიშის თემის სოფელ ლუხიდან იწყება. ლუხამდე ჩასვლა ნებისმიერი ავტომობილით შეგიძლია, იქიდან კი 25 კმ მაღალი გამავლობის ავტომობილით უნდა გაიარო.  

მერე იწყება საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ტყეში ეშვება. მალე ძველ, მიტოვებულ მატარებლებთან აღმოჩნდები. ბილიკით ტყეში 1 კმ-ის გავლა მოგიწევს, შემდეგ მაღალი ბალახებით დაფარულ მინდორში გახვალ, სადაც ძველ საზაფხულო ქოხს დაინახავ. 

გადაკვეთ მდინარე ორმელეთს და დაადგები ბილიკს, რომელიც აღმართს ტყისკენ მიუყვება. ხეებს აქ ბევრი წლის წინანდელი წარწერები ატყვია. მერე კლდეებით შემოსაზღვრულ გაშლილ მინდორზე აღმოჩნდები და ჩანჩქერს დაინახავ. მას მდინარე ოქროწყალი ქმნის, რომელიც წყალს 400 მეტრი სიმაღლიდან გადმოტყორცნის. 

ახლა ყველაზე რთული აღმართი იწყება. ჩანჩქერის მარცხენა მხრიდან ციცაბო გზას უნდა აუყვე. აქ ბევრი ქვიანი მონაკვეთია, მაგრამ მას ოქროწყლის დიდ ტბამდე მიჰყავხარ. ერთდროულად თოვლიანი და ბალახიანი მთებით გარშემორტყმული ზურმუხტისფერი წყალი ნისლის ოხშივრიდან თანდათან გამოვა და მთელი თავისი მშვენიერებით დაგენახვება.      

გზა ოქროწყლის პატარა ტბამდე 

გზა ოქროწყლის დიდი ტბიდან პატარა ტბამდე უფრო სახიფათოა. ვიწრო ქედის, ციცაბო ფერდობის, კლდის, ერგზაშირის უღელტეხილის გადავლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან აღმოჩნდები. აქედან აფხაზეთი მოჩანს. კარგ ამინდში ზღვასაც დაინახავ. კიდევ ერთი აღმართი და პატარა ოქროწყლის ტბასთან ხარ.

აქ მხოლოდ გამოცდილ მეგზურთან ერთად უნდა ამოხვიდე. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა