სვანური კოშკის დათვალიერება მესტიაში, მარგიანის სახლ-მუზეუმში შეგიძლია. მარგიანების ძლიერ გვარს თავდაპირველად 8 კოშკი
სვანური კოშკის დათვალიერება მესტიაში, მარგიანის სახლ-მუზეუმში შეგიძლია, რომელიც მესტიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო ადგილია. მარგიანების ძლიერ გვარს თავდაპირველად 8 კოშკი ჰქონია, მაგრამ იქიდან მხოლოდ ოთხია შემორჩენილი.
აქ ნახავ სარდაფსა და მარანს, სადაც ინახებოდა არყის დოქები, ღვინის ქვევრები, თიხის ქოთნები თაფლისთვის. სარდაფი შემოდგომაზე სურსათით ივსებოდა, რომ დიდ ოჯახს სვანეთის სუსხიანი და ხანგრძლივი ზამთარი გადაეტანა. კოშკში საკუჭნაოცაა, სადაც ყუთებში ხორბალსა და სხვა მშრალ სურსათს აბინავებდნენ.
სახლის მისაღებ ოთახში ოჯახის უხუცესის - მახვშის ტახტი დგას, რომელზე დაჯდომის უფლებაც მხოლოდ ოჯახის უფროსს - მახვშს აქვს. სტუმრისთვის უდიდესი პატივი იყო, თუკი მახვში ტახტზე დაჯდომას შესთავაზებდა.
ეწვიე სვანეთს, ნახე მესტია, მოირგე იქაური ყოფა - ეს შენთვის სხვა სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი იქნება.