VI საუკუნეში ამ ადგილას წმინდა მამა ანტონი დამკვიდრებულა და მის გარშემო ბევრი მოწაფე შეკრებილა. ასე შეიქმნა მარტყოფის ღვთაების მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო.
მამა ანტონი განცალკევებით, მარტო ცხოვრობდა და სახელიც აქედან წარმოიშვა - მარტო მყოფი, ანუ მარტყოფი.
მტერთა შემოსევების გამო მონასტერი არაერთხელ დაინგრა. 1395 წელს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დაიკარგა, რომელიც 545 წელს მამა ანტონმა ქალაქ ედესიდან ჩამოიტანა. სწორედ მას უკავშირდება მონასტრის სახელწოდებაც - ღვთაების მონასტერი.
1934 წელს მონასტერი კომუნისტებმა დახურეს. ამ წმინდა ადგილას მათ მაღაზიები და საწყობები გახსნეს.
მარტყოფში სამონასტრო ცხოვრება 1989 წელს განახლდა.
მთის ფერდობზე რამდენიმე ეკლესია დგას: ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მამა ანტონის; აქვე აღმართულია მამა ანტონის სვეტი, სადაც, გადმოცემის თანახმად, მას ბოლო თხუთმეტი წელი ლოცვაში გაუტარებია.
მონასტრიდან საოცარი ხედები იშლება თბილისსა და მის შემოგარენზე. აქედან გარეკახეთის ულამაზესი ბუნებაც ჩანს.
მონასტრამდე მიდის საავტომობილო გზა.