მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი გვიან შუა საუკუნეებში დაწინაურებულ ფეოდალებს - მაღალაძეებს (მაღალაშვილებს) ეკუთვნოდათ. მაღალაძეების გვარს უკავშირდება ძეგლის სახელწოდებაც. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან, სამღვდელო წინამძღვრებთან და აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მაღალაძეები განსაკუთრებით გაძლიერდნენ XVII საუკუნის II ნახევარში. სწორედ ამ დროსაა აგებული მაღალაანთ ეკლესიის გარშემო გალავანი, კოშკები და სხვა ნაგებობები.
კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: მაღალაანთ ეკლესიას, სოლომონ მაღალაძის სამრეკლოს, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალეს, ზემო კოშკს (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქს, გალავანსა და სხვა ნაგებობათა ნაშთს.
მაღალაანთ ეკლესია XIII საუკუნის ბეთლემის ღვთისმშობლის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი დახვეწილი, ჰარმონიული, მსუბუქი პროპორციების მქონეა, რომელიც ოსტატურად შესრულებული მხატვრობითაა მორთული. მაღალაანთ ეკლესიაში შემორჩენილი მოხატულობის ორი ფენა ძალიან დაზიანებულია, თუმცა მნახველზე ის ახლაც დიდი შთაბეჭდილებას ახდენს.