ამ ადგილს გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად სტუმრობენ სპელეოტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები და მოლაშქრეები.
შურუბუმუსთან სოფელ მუხურიდან მოხვდები. მისტიკა გზაშივე იწყება - მღვიმისკენ მიმავალი მთისა და ტყის ბილიკები ხავსიან ლოდებზე გადადის, ირგვლივ უნიკალური კოლხური ბზის ათასწლოვანი კორომებია, ადგილ-ადგილ კი პატარა ჩანჩქერები ჩამოედინება, სადაც გარემო თითქმის ხელუხლებელია.
ბოლოს კი დაკიდებულ ხის ხიდს გადაივლი და მთავარი სანახაობა იწყება - კარსტული მღვიმე შურუბუმუ, ანუ „სულგანაბული“.
აქ ნახავ სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს და მღვიმურ ნაღვენთ ფორმებს, გაქვავებულ ჩანჩქერებს. მღვიმე მიწისქვეშა მდინარეებისა და ტბების მთელ სისტემას აერთიანებს, სადაც ათეულობით კილომეტრი სიგრძის დერეფნებია. გაზაფხულზე მღვიმე წყლით ისე ივსება რომ მისი ნაპრალებიდანაც გადმოდის.
შურუბუმუს მღვიმე შესწავლის პროცესშია, კვლევებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთად მუშაობენ, ამიტომ აქ ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება.