XI-XIII საუკუნეებში აგებულ 12 მეტრი სიგრძის ხიდს ბურჯებად ბუნებრივი კლდეები შესდგომიან. მისი სიგანე შუაწელში 2 მეტრია, თავსა და ბოლოში - 3,5-იდან 4,2 მეტრამდე. ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან მის შუაწელამდე 5 მ-ს აღწევს.
თუკი ველოსიპედით სიარული გიყვარს, ჩათვალე, რომ ორმაგად გაგიმართლა - მირვეთის ხიდამდე ველობილიკი მიგიყვანს. ამისთვის ტურისთვის მომზადება და სამთო ველოსიპედი დაგჭირდება. ველოტურის დაგეგმვა ბათუმშივეა შესაძლებელი, იქვე იპოვი შესაბამის რუკას, რომელიც სწორი მიმართულების აღებაში დაგეხმარება.
ეს ნამდვილად დაუვიწყარი ტური იქნება უძველეს სუბტროპიკულ ტყეში, სადაც მრავლადაა საპიკნიკე ადგილები და მირვეთის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც ველობილიკის ბოლოს გელოდება.